Monday, March 30, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მისი ნამუშევრები ჩემთვის ერთდროულად მძიმე და მომნუსხველია. სივრცე, რომლის წინაც მაყენებს, იმდენად დიდია, რომ თავს საოცრად პატარად ვგრძნობ და არა მხოლოდ პატარად, ყველაფერ იმით სავსედ, რასაც გამოსახავს.. და ეს განცდები ხშირად ნახატის თვალიერებას მაწყვეტინებს. აი, როგორ აღვიქვამ (შესაძლოა, სხვა – სხვაგვარად, გაცილებით მსუბუქად). ამის გამო მისი გამოფენისგან თავს ვიკავებდი. წუხელ კი, იმდენ ხანს „გავუსწორე“ თვალი, რომ გადავწყვიტე, დღევანდელი (და იქნებ მთელი კვირისაც) სტუმარი ის იყოს – ჰიერონიმუს ბოსხი.
დღეს ტრიპტიქ ტკბობის ბაღის“ მესამე ნაწილის – „ჯოჯოხეთის“ დეტალს გამოვფენ. რატომ? ზემოთ ჩამოთვლილ შთაბეჭდილებათა გარდა... მესმის. პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ – ხმებს ვარჩევ. უამრავი ხმაა, საოცარი ხმაურია, ისეთი, რომ ყურების დაცობა მოგინდება..
შეეცადეთ მათ პოვნას (რა თქმა უნდა, თუ გსურთ); ან იქნებ, ჩემსავით აღიქვამთ კიდეც, რა ვიცი..

*
ტრიპტიქი უამრავ მცირე "ამბად" იყოფა და მის "ჭიპად" თითოეული შემიძლია, ჩავთვალო.
კიდევ ერთი მათგანს გთავაზობთ: ცენტრალური პანელის – "ტკბობის ბაღის" დეტალს .

30 მარტი –
5 აპრილი.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ამ მხატვრის შესახებ პირველად შენგან მესმის და მართლაც სასწაულია. იცი, ადრე ჩემმა მეგობარმა მითხრა, დალის ნახატები მესიზმრება ხოლმეო და არ დავიჯერე... მერე მე თვითონ დამესიზმრა გალაკტიონის "თოვლი" :) როგორც გინდა, გაიგეთ, მაგრამ დამესიზმრა ისე "ხელშესახებად", იისფრად... ამის შემდეგ უკვე მესმის, რას გულისხმობ, საოცარი ხმაურია, ყურების დაცობა მოგინდებაო!!!

Keti said...

სოფი, მიხარია, რომ მოგეწონა და რომ გესმის ჩემი. ხმაურზე წერისას ვეჭვობდი – ჩემი განცდების მკითხველამდე მიტანას შევძლებდი თუ არა...
და მე მჯერა, რომ დასიზმრება შესაძლებელია. ეს ცხადში მიღებული დიდი შთაბეჭდილებების შედეგია.