Friday, August 14, 2009

ფერები (ჩემი)


ეს დღეებია, ბლოგზე შემოსვლისას უხერხულად შეშმუშვნის შეგრძნება ვერ მოვიცილე. გავივლი ავტორიზაციას და ჩუმად ვჯდები, კუთხეში :) საუბრის წამოსაწყებად და უხერხულობის გასაფანტად ადამიანებს მხსნელად ამინდი ევლინებათ ხოლმე. მეც ამით დავიწყებ და იქნებ, მოგვიანებით სხვა რამის თქმაც მომინდეს.. თანაც, ისეთი აგვისტო გვაქვს, რომ უკვე არა საუბრის წამოსაწყებ მიზეზად, არამედ საუბრის ერთ–ერთ შემადგენელ თემად გვექცა..
ამ აცივებამ ჩემი მოლოდინი გაამძაფრა: უკვე მეორე წელია, ერთი უცნაურობა დამემართა – შემოდგომის გარდა ვერცერთ სეზონს აღვიქვამ. შარშანაც მას ვუცდიდი, წელსაც. სხვა სეზონები უემოციოდ მივიღე და გავაცილე. ეს ამინდიც შემოდგომისას წააგავს, ოღონდ შეუსაბამო ფერის ფონზე ცივა. მე კი, ფაქტია: ახლა ფერადი ფოთლების ნახვა უფრო მესიამოვნება, ვიდრე იმავე ფოთლებისა – კვირტობის ხანაში. ოღონდ, მე თბილი შემოდგომა მიყვარს, მზიანი.
ფერებზე და სითბოზე ფიქრმა ერთი წიგნი გამახსენა – ის, რომელსაც ამ ზაფხულს, საღამოობით, მეტროში ვკითხულობდი. არ დამიმთავრებია. მგონი ამისთვის ისევ მეტროს ვაგონში მოხვედრა დამჭირდება. "პლატეროს" ვგულისხმობ. ისე ადვილად გადაგისვრის სითბოში და გაგაფერადებს გოგენის ფუნჯით.. წინათქმაში წერია, ესპანელ ემიგრანტებს ქვეყნის დატოვებისას თან სამშობლოს მიწა და "პლატერო" მიჰქონდათო. არ მიკვირს. მთელი ესპანეთია ჩატეული და თარგმანში კი – ბევრი ლამაზი ქართული სიტყვა.
რამ გამახსენა ახლა. მგონი, ტექსტის კითხვისას წითელისა და ყვითელის მოჭარბებულმა აღქმამ. ეს ქვეცნობიერი აღქმაა – როცა რამეს ვკითხულობ, სხვადასხვა ფერის გავლენის ქვეშ ვხვდები..
მეტროს ვაგონებში წაკითხულ წიგნებში მთელი დღის რუტინით დამძიმებული თავის ჩაკარგვაზე სხვა დროს,
წუხელ კი...
ფონი: მქონდა შეციებული მკლავები, ხელის გაწვდენაზე – ჩაის ცხელი ჭიქა და ყურში – წვიმის წკაპა–წკუპი. მთელი საღამო ჩემი მეგობრის ერთ მოთხრობას ვკითხულობდი – "ფსიქოლოგთან". პირველად არა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ. ფინალს რამდენჯერმე მივუბრუნდი; მერე ბევრს ვფიქრობდი (როგორც ადრე)... და ზღვისფერი დამკრავდა. გაზიარება მომინდა.

ისე კი, როგორც დედა ამბობს, კარგი ფერი დამკრავს :) ამას ჩემი ვარჯიშიდან დაბრუნების მერე აღნიშნავს ხოლმე. მეც მეტი რა მინდა, დადებითი აზრი მიხარია, როგორც ყოველთვის..
...
ჰო, შილეს "ოთხი ხით" ამას წინათ მოვიხიბლე. არ დავუცდი არც კალენდარულ შემოდგომას, არც ახალ გამოფენას და აქ მივუჩენ ადგილს..
პ.ს. მწვანე? მწვანეც. ახლა რომ ვხატავდე, უფრო გაცრეცილ ტონს ავირჩევდი, ვიდრე ხასხასას..
პ.პ.ს. მელოდია მინდოდა ფონად. ზღვის ხმას გთავაზობთ, ან ფოთლების შრიალს... ან სიჩუმეს.

10 comments:

Tomushka said...

ვარჯიშის შემდეგ ატმისფერი დაგკრავს? :)

Keti said...

დაახლოებით :)

ნასტასია said...

xo itxari me praimfitnes kai ramea tqoo :)

xooda,mistika isev funqcionirebs blogosferoshi da chemi cvimian amindiani postis er eshentan dadga shemodgoma :))))))

da kide,kai posti iyo...

Keti said...

კი, მომწონს :)
აქ თითქმის თვეა, შემოდგომა გვიტევს :)
მადლობა, ნასტასია!

Kalo said...

ვაიმე, ქეთი, რა უცნაურია, მეც ჩემი ბოლო პოსტი მწვანეფოთლებიან შემოდგომას მივუძღვენი :-):-)

Keti said...

ასეთი გვაქვს და... :)))

Sophie Golden said...

რა ლამაზი ფერებია, ოღონდ მე ჯერ არ მინდა შემოდგომაზე ვიფიქრო :|
გუშინ ვსეირნობდი და მეგობარმა ჩამოცვენილ ფოთლებზე მიმანიშნა, ნახე, შემოდგომაო... გული დამწყდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შემოდგომაზე სულ გული მწყდება; იქნებ ზაფხული რომ მთავრდება და მალე კიდევ ერთი წლით გავიზრდები, იმიტომ... ფაქტია, რომ შენმა ამ პოსტმა ფიქრები ამიშალა. კარგი იყო.

Keti said...

შეუფერებელ დროს ჩამოცვენილი ფოთლების ნახვა მეც მასევდიანებს ხოლმე..
გმადლობ :)

Khatia said...

ისე ვიწვებით აქეთ, რომ გინდაც ის ზამთარი რომ დამთავრდა ეხლახანს, გამოუშვან ისევ ;) :) ქეთ რაღაც ბმული ვიპოვე, თოთაქასთას ბლოგზე და აბა ნახე ინსპირაციისთვის http://bookcoverarchive.com/

კუთხეში არ დაჯდე ხოლმე გეხვეწები :) გამოჩნდი!

Keti said...

ხატია, დიდი მადლობა ამ საიტისთვის, ახლა ვათვალიერებ, ძალიან საინტერესო ჩანს! და საერთოდ, ასეთი ყურადღებით რომ ხარ...
ვეცდები, კუთხეში არ ვიჯდე ხოლმე :))