Thursday, October 15, 2009

FM ლიტერატურა

კრებულის გამო, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვწერდი, დღეს საპატრიარქოს რადიოს (FM 105.4) ლიტერატურულ გადაცემაში ვართ მიწვეული: გიო კილაძე, გიორგი კეკელიძე, მარსიანი, მაკა ლდოკონენი, ლია მეტრეველი და მე. გადაცემას იკა ქადაგიძე უძღვება.
FM რადიოს აქტიური მსმენელი 90-იან წლებში ვიყავი, როცა ეს "ახალი ხილი" იყო. რამდენიმე წელია, რადიოს აღარ ვუსმენ; მით უმეტეს, ამ ტალღისთვის არასდროს მომისმენია, მაგრამ ლიტერატურული გადაცემის არსებობა, რა თქმა უნდა, მახარებს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ის, რომ კრებულის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ძალიან მომწონს.
ყველაფერთან ერთად, დღეს ისეთი დღე იქნება, რაღაც რომ პირველად ხდება: მე არასდროს ვყოფილვარ რადიოს სტუდიაში, არ ვიცი, როგორ იწერება გადაცემა, ჰოდა ვნახავ :) შთაბეჭდილებასაც დავწერ.
რატომღაც ვფიქრობ, რომ გაცილებით კომფორტული უნდა იყოს, ვიდრე სატელევიზიო ჩაწერა, რადგან ზედმეტი შმუშვნა და ვიზუალზე ფიქრი არ მომიწევს. თუმცა, არ მგონია, მორიდების გარეშე შევძლო :)


დაპირებული შთაბეჭდილებაც:
მაგიდას პატარა, ხმის დახშობის მიზნით კედლებ და ჭერშეფუთულ ოთახში შემოვუსხედით. მხოლოდ მაგიდის ერთი სანათით განათებულ სტუდიაში დაძაბულობა ცოტა მომეხსნა, თუმცა ვფიქრობ, მხოლოდ განათების დამსახურება არ იყო: სტუმრებსაც და მასპინძელსაც გადაცემამდე ვიცნობდი. იკა სასიამოვნო წამყვანი აღმოჩნდა, ჰოდა დავიწყეთ..
მგონია, საკმაოდ კარგი საუბარი შედგა. ბოლოს ისიც ვიფიქრე, ამ გადაცემაში არაფერია დასამონტაჟებელი–მეთქი, იმდენად დინამიურად წარიმართა. ვისაუბრეთ ახალ კრებულზე, ჩვენს მონოლოგებზე, კრიტიკის მდგომარეობაზე... ეს კრებულები გიო კილაძის პროექტების საფუძველზე გამოიცა და იმედია, სიახლეებს მომავალშიც შემოგვთავაზებს. ბოლოს იკასთვის წაღებულ ალმანახ "თაობებიდან" ლექსის წაკითხვამ მომიწია, ეს კი ნამდვილად არ გამომივიდა. ძალიან ვღელავ, როცა ლექსს ვკითხულობ..
გადაცემის ჩანაწერი ეთერში მომდევნო კვირაში გავა:
ორშაბათს – 12.15 და განმეორებით: სამშაბათს – 21.10 და პარასკევს – დილის 8 საათზე.
საინტერესოა საკუთარი ხმა ეთერიდან :)

7 comments:

Sophie שרה Golden said...

რა მაგარია! რადიოზე ვგიჟდებოდი ბავშვობაში, უნი-შიც ვისწავლე ეს საგანი და მერე რადოშიც მომიწია მუშაობა ცოტა ხანს.
მოსმენა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რადიოში საუბარი, ჩემი აზრით. შეიძლება თავიდან მორიდების შეგრძნებაც გქონდეს, მაგრამ იმედია, იკა ქადაგიძე სასიამოვნო წამყვანია და თავს კარგად გაგრძნობინებთ. ველოდები შთაბეჭდილებებს.

Keti said...

სოფი, საუბრის დროს მერიდებოდა, კი :)
იკა ნამდვილად სასიამოვნო წამყვანი იყო, თუმცა, ახლა შთაბეჭდილებებს მივამატებ პოსტს და დანარჩენს იქ ვიტყვი.. მადლობა :)

Toma said...

სამწუხაროდ ვერ მოვუსმინე :(

Unknown said...

მიხარია :) ქეთ აუდიო მასალადაც თუ განთავსდება ინტერნეტზე, გაგვაგებიე, მოგისმენთ :)

Unknown said...

ჰო ქეთ მართლა, რაზე ოცნებობ? http://khatia.blogspot.com/2009/10/blog-post_14.html

Lalena said...

აუ მართლა თუ შეიძლება ინტერნეტში მასალის დადება მოუთმენლად დაველოდები :))

Keti said...

* ტომუშკა, მომდევნო კვირაში იქნება, მაგრამ მხოლოდ FM-ზე...

* ხატია, ლალენა,
მგონი ამ არხს საკუთარი საიტი არ აქვს და თუ სხვა სახით მოხერხდა ჩანაწერის გადმოცემა და შესაძლებელიც იქნება, ავტვირთავ.
მადლობა! :)

ხატი, მადლობა თეგისთვის, ვიფიქრებ მაგაზე :)