ცოტა ხნის წინ, რეალურად უცნობ (და მაინც "ფრენდ") ადამიანს და მის (ასევე) "ფრენდებს", ჩემდა გასაკვირად (რადგან თავის გამოდება არ მიყვარს ხოლმე), პოლემიკაში ჩავერთე – დარჩეს სახელი ფეისბუკი ფეისბუკად თუ "ოფიციალურად" გადმოქართულდეს უკვე რამოდენიმეთვიანი (ხშირად სახუმარო) პრაქტიკის მქონე პირწიგნაკად.
არ მომწონს ეს ხელოვნური სიტყვათშეხამებები, მით უმეტეს, რომ "ფეისბუკი", შეიძლება ითქვას, უკვე ბრენდია და ბრენდის სახელის თარგმნა აუცილებლად არ მიმაჩნია.
დღეს კიდევ ერთი ახალი სიტყვა წავიკითხე, ამჯერად დვორსკისთან (არ ვიცი, პირველად მან გამოიყენა თუ არა) – თავხაზი. რეაქცია – დაახლოებით "ცისფერი მთების" გმირის მსგავსი მქონდა: თავხედი გამიგია, თავპირი, თავზარი, თავქვე, მაგრამ თავხაზი რა უბედურებაა :)
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ქართულ ენაში მიმდინარე უსწრაფეს ცვლილებებზე, რომელიც მას ინტერნეტის ერამ მოუტანა.
რამდენიმე მაგალითი, რაც უცებ გამახსენდება:
* ზმნები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეითავსეს: დადება, აკრეფა, მოთრევა, ატვირთვა, გადაწერა, გადატანა, წაშლა, გახსნა...
* ინგლისურენოვანი ზმნებისა თუ არსებითი სახელებისთვის თავსართ-ბოლოსართების დამატებით, ან მათი პირდაპირი გადმოტანით, ხელოვნურად წარმოქმნილი ზმნები: დაკლიკება, დარეფრეშება, დარესტარტება, დასერჩვა, დალოგინება, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპიემება, დაქვოთვა, დათაგვა, დაკროპვა, ჩატაობა, დაბლოგვა, დაფაბლიშება, დასეივება, დაზიპვა...
* სიტყვები, რომლებმაც ახალი მნიშვნელობები შეიძინეს: მაგალითად, ფანჯარა აღარ არის მხოლოდ შენობის ნაწილი, არც საქაღალდე – რეალური ფურცლების შესანახი;
* უცხო სიტყვები, რომლებსაც უთარგმნელადაც გამოვიყენებთ: საიტი, ფაილი, პოსტი, პეიჯი, ვები, ნეტი, ჰაკერი, იუზერი, სიდი, აიდი, ლინკი, პასვორდი, სმაილი, მა(ე)ილი...
* სიტყვები, რომლებიც ხელოვნურად – თარგმნის გზით იქმნება (ხანდახან მესამე ენის – რუსულის გავლენითაც): სიცილაკი, ძაღლუკა, ბმული, პირწიგნაკი...
ჩემთვის მართლა საინტერესოა ამ ცვლილებებზე და შედეგებზე დაკვირვება. მას ერთი პრობლემა თუ აუცილებელი რეალობაც მოაქვს: ერთ ენაზე მოსაუბრე ორ ადამიანს შეიძლება ერთმანეთის არ ესმოდეს, თუ რომელიმე მათგანმა კომპიუტერის გამოყენება არ იცის. ეს ორი ადამიანი კი, უმეტესად ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები არიან.
და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპიუტერულ ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი შეიქმნა. არ ვიცი, კიდევ ახლდება თუ არა, პოსტის წერისას გამახსენდა და ბმულს დავდებ :)
Tuesday, March 9, 2010
ინტერნეტმა რა ჰქმნა
Labels:
ბიბლიოთეკა,
ენა,
ინტერნეტი,
ლექსიკონი,
საიტი,
ფეისბუკი,
ქართული,
შთაბეჭდილება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
13 comments:
ჰო, ეს ცვლილებები :) მე მიყვარს, როცა ქართული შესატყვისი არ არსებობს, მე თვითონ მოვიგონო. ხანდახან საყვარელი სიტყვები გამოდის :) და მწყინს ხოლმე, თუ ხალხს არ მოსწონს, ან ვერ უგებენ :) აი, შვილები რომ დაგიწუნონ, ეგრეა ;) :)
შვილების დაწუნება როგორ შეიძლება, აქ რაღა ვთქვა, არ ვიცი :) ერთი–ორი სიტყვა მეც კი გამომიგონებია ლექსისთვის :)
აი, ჰედლაინი სათაურად უკვე ითარგმნება, ლექსიკონებშიც ასეა შესული.
ასე თუ ისე, ეს ცვლილებები იმაზე მეტყველებს, რომ ენა ცოცხალია და ვითარდება – სიტყვებს იმატებს, იკლებს, მნიშვნელობას უცვლის. ზოგ სიახლეს დაიტოვებს, ზოგს დაივიწყებს, მოკლედ, საინტერესო პროცესია :)
keti, eg sitkva pirvelad me ar gamomikenebia, radio ucnobshi movismine, dilis gadacemashi :)
da ise, mxolod xumrobit iko nagulismevi, am sitkvas seriozulad ki ar agvikvam :)
საინტერესო პროცესია, თუმცა მხოლოდ კომპიუტერს რომ უკავშირდებოდეს, რა გვიჭირს. საქმე ისაა, რომ ბევრი პოლიტიკოსი იყენებს უცხო სიტყვას და მერე ჟურნალისტები იმეორებენ და ასე თუ გაგრძელდა, სავალალო შედეგებამდე მივალთ.
zalian lamazi kedlis surati gaqvs aq, momewona :))
rac sheexeba internet enas, mec vtvli, rom yvelafris targmna araa mizanshewonili, ki binzurdeba ena da blablabla, mesmis, magram es sheuqcevadi procesebia da aris saertashoriso sityvebi, romelbic tavis droze damkvidrda ..telefoni, taxi da a.sh esenic ase iqneba..
* გიგა, მეც ვიფიქრე, რომ შეიძლება პირველად სხვაგან ითქვა, აი, მე კი შენთან წავიკითხე და ჩემი პოსტის ინსპირაციის წყაროდაც იქცა :)
მეც გამახალისა, ეს ახალი ტერმინები ამ ეტაპზე მახალისებს :)
* ბაბისა, მადლობა :))
მეც მგონია, რომ რაც საერთაშორისოა, თავისთავად ასეთივე ფორმითვე დამკვიდრდება, რამდენიც არ უნდა მოეძებნოს ქართული შესატყვისი.
* ნათი, ეგ კიდევ სხვა და უკვე პრობლემური თემა – ჟურნალისტურ–პოლიტიკური ლექსიკა. შედეგად ძირითადად დამახინჯებულ ქართულს ვიღებთ...
ამ თემაზე ჯერ კიდევ ორი წლის დავწერე თემა და უნივერსტეტში და აღმოჩნდა რომ მარტო შვილები და მშობლები კი არა,მე და ჩემი ლექტორიც სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით...
და ის რომ ფანჯარა მარტო ფანჯარაა და დადებამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა,იმდენად არ მაწუხებს,რამდენადაც დავორნვა, რომელიც უმარტივესად ითარგმნება და სულ არი საჭირო,კიდე,გაოფტიკება და დაბანვა და კიდე ათასი სხვა მახინჯი ერთეული...
და ზუსტად ამასწინათ,პარაზიტ სიტყვებზე რო ვწერდი,ვიფიქრე,ხო არ ამომექექა და დამედო ის თემა თქო...
ნასტასია, მართლა ბევრი სიტყვაა, თავისუფლად და ახალი სიტყვების გამოუგონებლად რომ ითარგმნება...
იპოვე ის თემა, საინტერესო იქნება :)
თავხაზი - ჰედლაინია??? :D
კიდევ ერთი საშინელი ზმნა: სურათების კომპში (yep) "შეყრა" :D ლოლ
უცხო სიტყვების შეტანით ენა არ ბინძურდება, ქართულ ენაში უამრავი აღმოსავლური სიტყვაა დამკვიდრებული, რომლის გარეშეც ენა ასეთი ლამაზი აღარ იქნებოდა. ისე რომ, ჯობია ზოგი სიტყვა ისეთი ფორმით შემოვიდეს, როგორიც ორიგინალშია.
სოფი, კი :)
უი, "შეყრა" როგორ დამავიწყდა :დ
ქეთი, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემატიკაა. უბრალოდ ერთი პრობლემა მაქვს, ჯერ ვერ გავარკვიე, მომწონს ეს ახალი დამახინჯებული სიტყვები, თუ მაღიზიანებს :))
თან რატომღაც ვფიქრობ, რომ ეს "პრობლემა" მარტო მე არ მაქვს.
ლევან, მგონი ეგ დამოკიდებულება მეტ–ნაკლებად ყველას გვაქვს :)
საქმეც მაგაშია, რომ ზოგი მოგვწონს და ზოგი არა და ა.გ. ახალ სიტყვებს კატეგორიულად კარებს ვერ ჩავურაზავთ. საბოლოო ჯამში კი მასები გადაწყვეტენ, რომელ სიტყვებს ექნებათ ხანგრძლივი სიცოცხლე და რომლებს არა :)
Post a Comment