Friday, August 13, 2010

მცირე ანტრაქტი – წიგნიდან ფილმამდე

დღეს ორ კარგ ფილმს ვნახავ. ერთს – როგორც კი წიგნის დარჩენილ 30 გვერდს წავიკითხავ, მეორეს ალბათ საღამოს. არ მიყვარს, როცა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი წიგნიდან მისაღებ შთაბეჭდილებებს მიცვლის – სხვა მიმართულებებს მაჩვენებს და ფილმის ავტორის შეხედულებით შექმნილ ტიპაჟებს წარმომიდგენს. თითქმის არასდროს დამთხვევია ჩემი წარმოსახული გმირები ფილმში ნანახს, ისევე, როგორც მიზანსცენები.
თუ წაკითხვამდე ნანახი მაქვს სხვისი ხედვა და, მით უმეტეს, თუ მომწონს კიდეც, მერე კითხვა შედარება-შეჯიბრს ემსგავსება: აბა, რა როგორ გადაიტანა რეჟისორმა, რა როგორ გაიგო. ძირითადად კი სიზარმაცე მეპარება: იმ ნაწარმოების წაკითხვა, რომლის მოტივებზეც ფილმი ააგეს, აღარ მინდება. ხშირად ვრჩები მოწოდებული ინტერპრეტაციის მიხედვით შექმნილი შთაბეჭდილებით. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალია ხოლმე – მას რისი თქმა უნდოდა ჩემთვის თუ მისთვის (რეჟისორისთვის), ჩვენთვის – მკითხველისთვის.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ფილმის ნახვა კი გაცილებით ადვილია. თუ მიმიზიდა, ნახვის პროცესში წიგნზე ნაკლებად ვფიქრობ, ფილმის ხაზს მივყვები. მოგვიანებით ვადარებ (თავისთავად), ჩემი წარმოსახვები კი მყარად რჩებიან საკუთარ ადგილებზე.

წაკითხული ნაწარმოებების არაერთი ეკრანიზაცია მინახავს. თითქმის ყველა შემთხვევაში ვთქვი, წიგნი მირჩევნია. როგორც არ უნდა გადაიღონ, მხატვრული ფილმის ქრონომეტრაჟი არცერთ რეჟისორს მისცემს საშუალებას, სრულად ასახოს ლიტერატურული ნაწარმოების ყველა კარგი პასაჟი. ალბათ ამიტომ, ვფიქრობ, წიგნის მოძიება და წაკითხვა (თუკი არსებობს) საინტერესო და არდასაზარებელია, კარგი ეკრანიზაციის ნახვის შემთხვევაშიც.

10 comments:

Toma said...

თუ ფილმი ვნახე ძალიან მიჭირს ორიგინალი წიგნის წაკითვა. აი წიგნი როცა მაქვს წაკითხული უფრო მოყვარს ფილმების ნახვა, იმის შედარება თუ მე და რეჟისორი როგორ ვხედავთ ერთიდაიგივე ნაწარმოებს.

Keti said...

როგორც მე :)

Clown said...

გეთანხმები ქეთი :)

წიგნის მერე უფრო ინტერესით ვუყურებ ფილმს...

აი მე, მექანიკური ფორთოხალი, რომ ვერ ვიშოვე, დავჯექი და ფილმი ვუყურე :\

Keti said...

გიო, წაიკითხე ეგ წიგნი, როცა მოახერხებ :)

Clown said...

კი, ძალიან მინდა...

ფილმს, რომ ვუყურე უფრო მომინდა წიგნის წაკითხვა. დარწმუნებული ვარ წიგნში უფრო დეტალურადაა ყველაფერი :)

Sophie שרה Golden said...

მე ადრე ვბრაზობდი რეჟისორებზე, სულ სხვანაირად რომ ხედავდნენ ჩემს საყვარელ წიგნებს და მერე მივხვდი, ფილმი აღარ უნდა ვნახო. მხოლოდ ისეთი წიგნის ეკრანიზაციებს ვნახულობ, რომელიც დიდად არ მომწონებია.
წიგნი ჩემი სამყაროა და მე უნდა წარმოვიდგინო თითოეული წინადადება...
თუმცა, ინგლისელები კარგად იღებენ იმავე ჯეინ ოსტინის წიგნების მიხედვით და ჯერ გული არ დაუწყვეტავთ.

Keti said...

* გიო, ჰო... და მერე შენი შთაბეჭდილებაც შეგიძლია დაწერო :)

* სოფი, მე კი პირიქით, თუ წიგნი მომწონს, მაშინ მიჩნდება ეკრანიზაციის ნახვის სურვილი :)

Toma said...

Clown - მექანიკური ფორთოხალი ის შემთხვევაა როცა წიგნი უნდა წაიკითხო მიუხედავად იმსა ნახე თუ არა ფილმი. ან მაინც რომ წავიკითხე ასე მგონია :)

Nina Gorecki said...

ისიცაა, რომ წიგნის მერე რთულად იღებ მის ეკრანიზაციას. რომ კითხულობდი, სხვანაირ სახეებს ხედავდი, სხვა ემოციებს და უცებ ვიღაც რეჟისორმა შენს წარმოსახვაში უკვე გადაღებული ფილმი დაჩეხა, მოქმედი პირებს სახეები შეუცვალა...ეე, ყველაზე კარგი მაინც ის არის ხოლმე, რეჟისორი შენზე და მწერალზე კარგი ტიპი რომ აღმოჩნდება და უღიმღამო წიგნიდან შედევრს გადაიღებს :)

Keti said...

ზუსტად ასეა ხოლმე, რთულია წიგნის მერე ფილმის მიღება. აი, ეგ კი მაგარია – გაოცებულს თუ გტოვებენ :)