Monday, August 30, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირის გამოფენისთვის ჯონ სინგერ სარჯენტის ორი ნახატი შევარჩიე. ის იმპრესიონიზმის, ფოვიზმის, კუბიზმის ხანაში მოღვაწეობდა, თუმცა გულდასმით სწავლობდა რეალიზმს და ამ მიმართულებით ხვეწდა თავის ხელწერას. მის არაერთ ნახატზე დიეგო ველასკესის, ვან დეიკისა და გეინსბოროს გავლენა შეიმჩნევა და ეს (იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა მათ შემოქმედებას), ბუნებრივი და მიზანმიმართულიც კი არის. როდენმა სარჯენტს მათი დროის ვან დეიკიც კი უწოდა. სარჯენტი არ ითვლება იმპრესიონისტ მხატვრად, თუმცა ერთ ხანს მიმართავდა შესრულების იმპრესიონისტულ მეთოდებს. ბრიტანელი კრიტიკოსები მას მაინც იმპრესიონისტად მოიხსენებდნენ, ფრანგი იმპრესიონისტები კი ასე არ ფიქრობდნენ..

მისმა მშობლებმა ამერიკა ოჯახური ტრაგედიის გამო მიატოვეს – პირველი შვილის გარდაცვალების გამო დეპრესიაში ჩავარდნილი ცოლი სარჯენტის მამამ – ცნობილმა ქირურგმა – ევროპაში სამოგზაუროდ წაიყვანა. 1856 წელს, იტალიაში დაიბადა ჯონ სინგერ სარჯენტი. მისი მშობლები ხატვით თავადაც იყვნენ გატაცებულები – დედა მოყვარული მხატვარი იყო, მამა კი, გარდა ქირურგობისა, სამედიცინო გამოცემების კვალიფიციური ილუსტრატორი გახლდათ. სარჯენტმა ხატვის ნიჭი ბავშვობიდანვე გამოავლინა და მშობლების ხელშეწყობით მისი შესწავლაც დაიწყო. 17 წლის სარჯენტი უკვე ძალიან განათლებულ და პოპულარულ ადამიანად ითვლებოდა: ფლობდა რამდენიმე ენას, მხატვრობის გარდა, გატაცებული იყო ლიტერატურითა და მუსიკით. მოგვიანებით პროფესიონალი აკომპანიატორიც გახდა.

თავდაპირველად იგი პეიზაჟებს ხატავდა, თუმცა შემდეგ პორტრეტისტად ჩამოყალიბდა. 1874 წლიდან ხატვას ახალგაზრდა პორტრეტისტის – კეროლუს-დურენის სტუდიაში ეუფლებოდა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ტექნიკით. სარჯენტმა პირველი გამოფენა 1877 წელს მოაწყო. მას შემდეგ სხვადასხვა გალერეაში რეგულარულად ფენდა ნახატებს. დურენთან სწავლის დამთავრების შემდეგ ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დიდი გატაცებით სწავლობდა დიეგო ველასკესის მხატვრობას.
1900 წლისთვის სარჯენტი უკვე პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. რამდენიმე წელიწადში კი მან რადიკალურად შეცვალა ხატვის მანერა და აკვარელით დაინტერესდა. ამ ტექნიკით შექმნილი აქვს 2000–მდე ნამუშევარი.
*
პირველად "დასვენებას" გამოვფენ, რომელიც სარჯენტმა 1911 წელს დახატა.
*
დიეგო ვილასკესის მხატვრობით სარჯენტის განსაკუთრებული გატაცების შესახებ უკვე დავწერე. ამიტომ კვირის გამოფენის მეორე ნამუშევრად "ედვარდ დარლის გოგონები" შევარჩიე. შეუძლებელია, ეს ნახატი ნახოთ და ველასკესის "Las Meninas"
არ გაგახსენდეთ. გავლენა თვალშისაცემია.

30 აგვისტო –
5 სექტემბერი.

10 comments:

Clown said...

რაღაც ძალიან ძველს მახსენებს, მაგრამ ვერ მივმხვდარვარ რას :შ

მყუდროა :))

Keti said...

მეც მყუდროდ აღვიქვამ :)

Anonymous said...

სურათს რატომ ვერ ვხედავ? :))

Sophie שרה Golden said...

რაღაცნაირი "კინოსებური" ცხოვრება ჰქონია მხატვარს.
ნახატს რომ დავაკვირდი, ქალის ხელებს ვერ მოვწყვიტე თვალი, ისე რაღაცნაირად უდევს, თან თითქოს არაბუნებრივად, თან ბუნებრივად, მომინდა ხელი დამედო და გამეღვიძებინა :)

Toma said...

გეუბნევი დასვენებაო რომ არ წამეკითხა ტექსტის ბოლოს ვიფიქრებდი რომ რაღაცას ელოდება.
Zalian sevdiani naxatia. ferebia sevdiani

Keti said...

* როდრიგო, ტექსტის ბოლოში "დასვენებაზე" დააწკაპუნე, ან ბლოგის მთავარი გვერდის ბოლოში იპოვი :)

* სოფი, გაცილებით მეტი იყო მოსაყოლი, მაგრამ ვიფიქრე, რომ უშველებელი პოსტი გამოვიდოდა. მართლა კინოსავით ცხოვრება ჰქონდა.
ხელებს მეც დიდხანს ვაკვირდებოდი. თითქოს დაძაბულიც არის.. :)

* ტომა, ის დაძაბულობა, თითებში რომ ჩანს (როგორც მე აღვიქვი), იქნებ მოლოდინისაც იყოს...
ისე, რა საინტერესოა, რამდენნაირად აღვიქვამთ ამ ნახატს...
ფერებზე გეთანხმები. აი, თავს ზემოთ კედელი დაისს მაგონებს – ზღვაზე: ცისფერი ზღვა და მოვარდისფერო ცა, რომელზეც მზის გაცრეცილი სხივებია :)

Anonymous said...

აჰ ვნახე :))

თითქოს ცხოვრებას დანებდაო, ყველაფრის დავიწყება სურს, მაგრამ სადღაც მაინც ფეთქავს მომავლისადმი ინტერესი... ძალიან მომეწონა.

Keti said...

ჰო, ასე :)

Nina Gorecki said...

სულ ვეძებდი გამოფენის სურათებს, სულ მეგონა რომ შემოვდიოდი მაშინ იყო აღებული :))
არ ვიცოდი ეს მხატვარი, კარგია.

Keti said...

ნინა :))
ტექსტში ნახატის ბმული სულ რჩება, მხოლოდ "კედელზე" – ბლოგის ბოლოში ვცვლი ხოლმე სურათს ყოველ ორშაბათს :)