Wednesday, July 15, 2009

მოქმედება პირველი – შერჩევა

კრებულის გამოცემაზე სერიოზულად ფიქრი ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე. მას შემდეგ უკვე მეშვიდე თვეს ვატარებთ, ჩემი ფიქრიდან საქმისკენ კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული – ეს ლექსების პირველადი გადარჩევაა. თუმცა არა, ყდის დიზაინზეც ვიფიქრე (ორი სავარაუდო სათაურის შესაბამისად). რა თქმა უნდა, დიზაინის (როგორც სათაურის) საბოლოო ვარიანტი ჯერ არ მაქვს. ეს საკითხი რთულად მეჩვენება და ვფიქრობ, მასზე საკმაო დროის დათმობა მომიწევს, რადგან მკითხველზე პირველ ეფექტს სწორედ წიგნის გარეგანი სახე და სათაური ახდენს.. გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოგვიანებით ამაზე ვრცლად და არაერთხელ დავწერ. დღეს კი იმაზე ვისაუბრებ, რაც უკვე გავაკეთე და რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია როგორც კრებულის წარმატებისთვის, ისე ზოგადად, წინსვლისთვის.

ავტორებისგან არაერთხელ მსმენია საკუთარი ქმნილებების მიმართ გამოთქმული სენტიმენტალური ეპითეტები. ლექსებს, უმეტესად, შვილებს ადარებენ და გვერდზე გადასადებად არცერთი მათგანი (და არცერთი სიტყვა მათში) არ ეთმობათ. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს ავტორთა
(წინ)სვლას ადგილის ტკეპნად.

პირველადი შერჩევა მხოლოდ პირველადს ნიშნავს და მომავალში კიდევ რამდენჯერმე გახდება საჭირო არჩევანის გადახედვა. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს არც თუ ადვილია. ზოგადად, სიძნელე სენტიმენტების (ჩემ შემთხვევაში ყველა ლექსში "გაბნევით" გამოწვეული) მოცილება და რაც მთავარია – უცხო/კრიტიკული თვალით კითხვის შეძლებაა. ეს უკანასკნელი ჩემთვის ნაცნობ, სულ რამდენიმე ახალთაობელ ავტორს ახასიათებს. აქვე თამამად ვიტყვი, რომ არც მე მიჭირს მხოლოდ მკითხველის მანტიის მორგება, თუმცა ლექსების წიგნისთვის გადარჩევა მაინც ძნელად მომეჩვენა.

გადარჩევა თავისთავად ნიშნავს სათითაო ტექსტის წაკითხვას, რაც მათ მოწესრიგებასაც იწვევს – პუნქტუაციის ჩასწორებას და ხან მცირე რედაქტირებასაც, თუკი ამის საჭიროება დგას. თუმცა, გამოქვეყნებამდე, როგორც წესი, ამ ყველაფერს ვაკეთებდი. ალბათ გაჩნდება კითხვა: რატომ ახლაც. დროთა განმავლობაში მომატებულმა გამოცდილებამ და გამძაფრებულმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ შეიძლება კიდევ აღმომაჩენინოს რაიმე; და რაკი ნაბეჭდ ტექსტში ხარვეზების ნახვა გულს დამწყვეტს, წინასწარ მეტი ყურადღებით ყოფნა მირჩევნია.

გადარჩევამ წიგნის სტრუქტურაზეც დამაწყებინა ფიქრი: ქვეთავების მიხედვით დავყო, თუ არა. თუ კი – ლექსების კიდევ უფრო ვიწრო, შინაარსის მიხედვით დახარისხება მომიწევს. ორივე შემთხვევაში აუცილებელი იქნება თანმიმდევრობის განსაზღვრა. თანმიმდევრობა ჰარმონიული უნდა იყოს. ავიღოთ ნებისმიერი მუსიკალური ალბომი – შემავალი ტრეკების რიგითობა არასდროს არის შემთხვევითი, ის ყოველთვის აწესრიგებს მსმენელის "მაჯისცემას".. ასევეა წიგნშიც.

კიდევ ერთი "თავსატეხი": პასუხისმგებლობა მემატება იმ ლექსების არჩევისას, რომლებიც იანვრის შემდეგ დავწერე და არსად გამომიქვეყნებია. წაკითხვა, შეძლებისდაგვარად, კიდევ უფრო მკაცრი თვალით მიწევს. განვიცდი მათ ბედს, თუმცა ათამდე მაინც მეგულება ისეთი, კრებულში რომ აუცილებლად მოხვდება (მეტი თუ არა).

ახლა კი, ამ გრძელი წერილის ერთგვარი რეზიუმე:

  • ლექსები არ არიან შვილები და, მით უმეტეს, კალთაზე ჩამოკიდებულები :)
  • კრიტიკული თვალი – პირველ რიგში არა ტექსტის მოსაწესრიგებლად, არამედ წიგნში მისი შეტანის აუცილებლობის განსასაზღვრად. მეორე რიგში გასაკეთებელი – უკვე წაკითხული წინადადების შემადგენელი ნაწილია.
  • ხედვა – სივრცის და სივრცეში. ან ასე: მე მიყვარს შენობის დეტალების თვალიერება; ხოლო დეტალების ერთობლიობა ერთ მთლიანს ქმნის – სახლს, რომელშიც ადამიანები შევლენ..

და ბოლოს, პირველ წერილში ვთქვი, რომ ამ ზაფხულის გეგმებზეც დავწერდი. რაკი შერჩევა ერთი დამოუკიდებელი მოქმედებაა (თან, საკმაოდ ვრცელი ტექსტიც გამოვიდა), ამიტომ შემდეგ ნაბიჯზე და შესაბამისად, ზაფხულის გეგმაზე, მომდევნო წერილში მოვყვები.

3 comments:

nati kuda said...

შენთვის მეტად რთულია და საპასუხისმგებლო, მაგრამ მკითხველისთვის შიდა სამზარეულოში ჩახედვა ყოველთვის საინტერესოა. თვალს ვადევნებ სიამოვნებით :)

Khatia Caroline said...

ერთ-ერთ წიგნში რომელსაც ეხლა ვკითხულობ, პირველი დავალება იყო აგეღო ფურცელი და ფანქარი და დაგეხატა შენი წიგნის ყდა, მიგეწერა უკან შენი ბიო, ასევე ცოტა წიგნის შესახებ ... მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წიგნი არ არსებობს. იდეა ძაან მომეწონა, რადგანაც, როგორც კი შენ ოცნებებს დახატავ, ნელ-ნელა ხვდები რა უნდა დაწერო, რაზე და ა.შ.

ქეთი შენთვითონ ცადე დახატო შენი დიზაინი. ლურჯი ქალი ოქროსფერზე რომ გამოიყენო არ შეიძლება? ლამაზი იყო. ოკ, აბა შენი იცი :)

Keti said...

* ნათი, ძალიან მახარებს ამის წაკითხვა, მადლობა :)

* ხატია, "როგორც კი შენ ოცნებებს დახატავ" – ძალიან საინტერესო მიდგომაა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ მეთოდის შედეგებზე ახლა დავფიქრდი. ყდის დახატვა პირველად რამდენიმე თვის წინ ვცადე და შეიძლება ეს დამეხმარა კიდეც, ვინ იცის..

ვნახოთ, ვეცდები, რომ თვითონ დავხატო, მაგრამ სხვა ვარიანტებზეც ვიფიქრებ.. რედონის ნახატი კი კარგი იდეაა. მადლობა, ხატი :)