Monday, January 3, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ესპანური კედელი მექნება: მხატვარი, რომელსაც გამოვფენ – ხულიო რომერო დე ტორესია. ის 1874 წელს კორდოვაში დაიბადა, სადაც ძირითადად გაატარა კიდეც ცხოვრება. მისი მამა ცნობილი მხატვარი რაფაელ რომერო ბაროსო იყო (მისი ნახატების ნახვისას გარსია ლორკას ლექსები გამახსენდა), რომელიც იმავდროულად კორდოვას მუზეუმის დირექტორიც გახლდათ. ხულიომ მხატვრობის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით, სწავლის მიზნით, ევროპაშიც იმოგზაურა. 1914 წელს ძმასთან ერთად მადრიდში გადავიდა. არტისტულ წრეებში მეტად პოპულარული იყო, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, 1916 წლიდან მადრიდის ხელოვნების სკოლაში ტანსაცმლის დიზაინის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1922 წელს, ასევე ძმასთან ერთად, არგენტინაში გაემგზავრა. სწორედ არგენტინის ამბები მაინტერესებს დღეს:

მარია ტერეზა ლოპესი – მხატვრის ყველაზე საყვარელი მოდელი, 1913 წელს, ბუენოს აირესში დაიბადა. ეს არის ქალი, რომელიც მოგვიანებით, ფრანკოსდროინდელ 100 პესეტიან კუპიურაზე გამოსახეს, რა თქმა უნდა, ხულიოს მიერ დახატული (ეს კუპიურა 1953-1978 წლებში იყო მიმოქცევაში). მასზე ლექსებს თხზავდნენ, "შავგვრემან ქალსა" და "ქალების დედოფალს" უწოდებდნენ, მთელი ესპანეთი სიყვარულს უცხადებდა.
მარიას მამასა და ხულიოს ძმას საერთო საქმე აკავშირებდათ, გოგონა კი მხატვართან შინამოსამსახურის დახმარებით მოხვდა. ხულიოს გამოუსწორებელი მექალთანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, სკანდალური სასიყვარულო ისტორიების გამო მის ნებისმიერ მოდელზე, ცნობილი მსახიობებსა თუ მოცეკვავეებზე, ათასი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა ეს ჭორები სიმართლეს მოკლებულიც არ იყო. ხულიო დასახატად მისი ეპოქის სილამაზის მოთხოვნების შესაბამისი გარეგნობის – მუქთმიან, დიდთვალება, მაღალი თეძოების მქონე ქალებს არჩევდა. 14 წლის ასაკიდან მარია ტერეზამ ხულიოს თავი დააკარგვინა. როგორც ეს ქალბატონი თავის მემუარებში წერს, ხულიოს ძმასთან მამის საქმიანი კავშირის გამო, უარს ვერ ამბობდა მოდელობაზე. სწორედ ამ პერიოდში, ხატვის სეანსებს ხულიოს ცოლიც ესწრებოდა, იმდენად შესამჩნევი იყო მხატვრის დამოკიდებულება გოგონას მიმართ. მოგვიანებით, ამ ნიადაგზე დიდი ოჯახური სკანდალიც აგორდა, – გოგონას მამას მიაჩნდა, რომ მარიასა და ხულიოს შორის სასიყვარულო კავშირი არსებობდა... მარია ტერეზამ სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც დაწერა კიდეც მემუარები. გარდაიცვალა 2003 წელს. აი, ასეთი იყო მოხუცი მარია.

ნახატი, რომელიც დღეს მინდა გამოვფინო, ბოლო ნამუშევარია მხატვრის შემოქმედებაში – ხულიო რომერო დე ტორესი 1930 წელს გარდაიცვალა. ეს "პატარა მენახშირეა". აქ მარია ტერეზა 16 წლის არის. მოხიბლული ვარ ამ ნახატით, სხვა რა ვთქვა :)

3–9 იანვარი.

8 comments:

Nina Gorecki said...

კარგი მხატავრი ჩანს, პირველად გავიგე მასზე
მარია რა სხვანაირია მოხუცი, ერთ მსგავსებას ვერ იპოვი )

Anonymous said...

kargia ;)

Keti said...

* ნინა, კი, ძალიან შეცვლილია. ფოტოს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი – სიბერეში ადამიანი როგორ იცვლება-მეთქი..

აქ დავწერ ბარემ: როგორც ჩანს, მიხაკი და მოქარგული შალი მისთვის მიძღვნილი ლექსის გამო აქვს – ადარებდნენ :)

* ანდან :)

babisa said...

ვგიჟდები ასეთ ისტორიებზე :) არც ვიცოდი..

toma said...

vici rom chemi piradi arqmaa, magram am gogos kidurebi sashinald usicoclo shtabeshdilebas tovebs.

arada taavd namushevaris siujeti momcons.

Keti said...

* ბაბისა :)

* ტომუშკა, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად აღიქვამს :)

Sophie שרה Golden said...

მართლა ნამდვილი "ჩიკიტაა" ეს ქალი ფოტოზე :) არ ვიცი, ფოტოგრაფიას მაგონებს და ძალიან თანამედროვე ნამუშევარს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საკმაოდ ძველია.

Keti said...

სოფი, ეს განცდა მეც გამიჩნდა – თანამედროვეობის და მგონი ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მომწონს :)