Monday, December 31, 2012

ორშაბათის კედელი

ძალიან მომინდა, ჩემს კედელზე  საახალწლოდ ფიროსმანი იყოს გამოფენილი.  ეროვნულ გალერეაში მარტის ბოლომდე შეგიძლიათ  მისი ნახატების ნახვა. გამონახეთ დრო და ისიამოვნეთ.
აქვე ბლოგის მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს – ბედნიერი, სიხარულით სავსე ყოფილიყოს!
"ხილის ფარდული"


Sunday, December 16, 2012

სენტიმენტალური

ყველა სიკეთესთან ერთად ავად გავხდი. როცა ავად ვარ, პატარასავით მინდება, ბევრ სითბოს ვგრძნობდე. გულის აჩუყებამ, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ავმოქმედდი: დავლიე ალბათ უკვე ორ ლიტრამდე ლიმონიანი (ვერ ვიტან სიტყვა ლიმნიანს) და ასკილის ჩაი, გამოვდგი დედას მოხარშული მურაბა, მოვძებნე წამალიც და ცოტა უკეთ ვარ, წეღანდელივით უმწეოდ – აღარ. ეგ ხვალ დილითაც მეყოფა – სტომატოლოგის სავარძელში მჯდომს. ყველაფერი ერთად მეტაკა. თან დეკემბერია და ახალი წელი მოდის. თან თოვს და ცივა. ღვთის რისხვაა პირდაპირ.
რაც მარტო ვარ, ავად გახდომის მეშინია ყველაზე მეტად. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვცივდები, მაგრამ მაგ იშვიათი შემთხვევისაც მეშინია უკვე. ერთი კვირა დედა მესიზმრებოდა ყოველღამე, ძალიან შფოთავდა ჩემ გამო. იმედია, სულ ესაა გადასალახი.

Saturday, December 15, 2012

?!

ვეღარ მოვაბი თავი ამ ფოტოს კომპში გადატანას და ამასობაში მოთოვა. სინოპტიკოსებმა – ხვალაც აპირებსო და, მგონი, კითხვის დასმა ისევ შეიძლება. აბა, რას იტყვით :)

Thursday, December 13, 2012

ღამე

"მისნის ღამეს " ვკითხულობ. ამ ზაფხულს შიშით რომ ავუარე გვერდი, იმას. მაშინ კითხვას საერთოდ ვუარყოფდი. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ თაროდან რომ გადმოვიღე, გამიხარდა – რაღაც გადავხარშე-მეთქი, რაკი მას ვირჩევ. არც კი ვიცი, რომელ ამბავს ვკითხულობ მეტი გატაცებით – ძირითადს თუ სქოლიოში ჩატანილს, სიდისას თუ ნიკისას. თავიდან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ ამბებს ავეღელვებინე. მერე კი, ნიკის (თითქმის) თავზე დაცემული ძელი ჩემი განწყობების გამყოფადაც იქცა. მისი ჯურღმულში გამოკეტვიდან ის დაიწყო, რასაც გავურბოდი. მინდა სიდმა გამოსავალი უპოვოს – იქნებ ჩემი გამოსავალიც. ხანდახან მავიწყდება, რომ ეს მხოლოდ წიგნია. ვულოცავ ოსტერს.
ძალიან ცუდი დღეები მაქვს. მინდოდა მოყოლა, მაგრამ კითხვა არ ყოფილა. არც დრო.  არც სივრცე. ეს წიგნიც როგორ დაემთხვა.
მაღიზიანებს ბრჭყვიალა საახალწლო პერიოდი.

Monday, December 10, 2012

მზესუმზირები

ერთადერთი, რითაც მიხვდები, რომ მზესუმზირები არიან, მათი სუსტი ღეროებიდან წამოსული სუნია – ისეთივე, როგორიც ბაღში ამოსულ, ძლიერ მზესუმზირებს აქვთ ხოლმე. ცდილობენ, იცოცხლონ და მეც წყალს ვუსხამ. ფოტო ცოტა ძველია, მას მერე უფრო დაუგრძელდათ ღეროები, ფოთლები კი ასე დარჩათ. მეეჭვება, ყვავილის გაშლა მოახერხონ – შეუფერებელ სეზონზე მომინდა მათი დათესვა. მგონია, მძიმე განწყობა უნდა ჰქონდეთ, როგორიც ახლა – მე.

Monday, December 3, 2012

ორშაბათის კედელი

მორიგი ორშაბათი და, ამჯერად, ქართველი მხატვრის გამოფენა:
აბსტრაქციონისტი მხატვარი, ვერა ფაღავა (1907-1988) საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923 წელს საფრანგეთში ოჯახთან ერთად გადასახლდა. სწავლობდა პარიზში, რონსონის აკადემიაში, როჯერ ბისერთან. ბისერი ძალიან აფასებდა პოლ კლეეს შემოქმედებას, რამაც მისი მოწაფის მხატვრობაზეც იქონია გავლენა.
1938 წელს ფაღავა ლიონის ფოლკლორულ გალერეაში მოღვაწე ჯგუფს შეუერთდა. ამ ჯგუფთან მუშაობის დროს, ლიონელი მემაუდის  დაკვეთით შექმნა ცხოველების და მცენარეების მოტივებიანი, ინტერიერის გასაფორმებელი ქსოვილები. ქსოვილებს თავადვე ქსოვდა დაზგაზე. დღევანდელი გამოფენის კედელს ძირითადად მათ დავუთმობ – ისინი განსაკუთრებით მომწონს. გარდა ამისა, ქმნიდა ვიტრაჟებს (მისი გაფორმებულია სენ-ჟოზეფის ეკლესია დიჟონში), აფორმებდა წიგნებსაც. წელს გამოცემული კატალოგიდან დღეისათვის რამდენიმე აბსტრაქტული ნამუშევარიც შევარჩიე. ფაღავას აბსტრაქციები უაღრესად მინიმალისტურია, ცივი ფერებით, გეომეტრიული ფორმებითა და ბევრი სინათლით სავსე. საინტერესოა სათქმელი და ხედვა – ჩემთვის გამორჩეული იყო "საქართველო", "უცნობი" და "სკოლის ეზო თბილისში":
აქვე არ შემიძლია, არ დავწერო: ვერა ფაღავას შესახებ თინიტას ბლოგიდან შევიტყვე, მოგვიანებით კი თბილმიძღვნიანი, შესანიშნავი საჩუქარი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბანკ "რესპუბლიკას", თიკოს და თეიკოს.

Thursday, November 22, 2012

ხეებთან

კვირის თემა – ნერგები. რა ვიყიდო, რომ საფლავზე გაძლოს: ვეიგელა, ემონიუსი, აზალია, ირმის რქა, გარდენია. ანაც, ყველა მინდა – ზოგი ეზოსთვის, ადგილი მაქვს. კიდევ მინდა ჟოლო – თუ ვიშოვე, დაფნა, კროკუსის ბოლქვები. უცხო სახელები კარგად დავიმახსოვრე, მცენარეების დამახასიათებელი ნიშნებიც. ჩემს თავში ახლა მათი ფოთლებია, ყვავილები, ფერები.
არაჩვეულებრივი სანერგე აღმოვაჩინე ნეტში, მათი კატალოგი მგონი ათასჯერ დავათვალიერე. ველი პასუხს ერთი სელექციონერისგან. დღეს ისევ ჩავაკითხე კოლმეურნეობის მოედანზე მეყვავილეებს. იქ დიდხანს ვიბოდიალებდი, მაგრამ გამყიდველები, ცხადია, კითხვებს სვამენ და პასუხობენ, საუბრის ამოწურვის მერე კი დარჩენა და ცქერა არ გამოდის. ნუ, საამისოდ არც დრო მაქვს.
მშველის ეს ფიქრები.
თითქოს.

გავერიდებოდი ყველაფერს და ვიცხოვრებდი ხეებთან.

Sunday, November 11, 2012

პეიზაჟი, რომელიც მიყვარს

ბავშვობაში ამ ნანგრევს სკამს ვადარებდი, თუმცა ახლაც იგივე ასოციაციას მიჩენს. კლდემაღალას ციხე ჰქვია, იგივე არსენას ციხე. მე-5 საუკუნით თარიღდება. 10 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მის დასალაშქრად წამიყვანა. ნახევარი გზაც ვერ გავიარე და მოვბრუნდით. მახსოვს ქორი, რომელიც თავს დაგვტრიალებდა; ნაკვალევი, რომელზეც მამამ თქვა, მელიას ნაკვალევიაო და ხედი – ულამაზესი. მიყვარს ავტობანიდან მისი და მიმდებარე მთის კალთების ცქერა. ამას წინათ გავჩერდი და გადავიღე. უცნაურია, გუგლში მისი ფოტო არ მოიძებნა. მგონი პირველი ვარ, ვინც გაავრცელებს.

Monday, October 29, 2012

ორშაბათის კედელი

დიდი ხანია, გამოფენა აღარ გამიმართავს. ამ ფონზე სათაურიც ("ერთი კვირა, კედელზე") არაადეკვატურად ჟღერდა – წინა გამოფენა რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ვფიქრობ, სათაური "ორშაბათის კედლად" ხომ არ გადავაკეთო, ვიდრე გამოფენებს ასეთი რეჟიმით ვაწყობ. ვცდი აბა – დღევანდელს ასეც ვუწოდებ. ახლა რაც შეეხება ამ გამოფენას:

ოქტომბრის ბოლო ორშაბათია, გოგრის სეზონი დადგა – ბაზარში გოგრის ზვინებია მოწყობილი და უახლოეს დღეებში ერთი-ორის ყიდვასაც ვაპირებ. გემო  დიდად არ მიყვარს, მაგრამ გარეგნულად მომწონს – საშემოდგომო განწყობას ქმნის. შვედი კარლ ლარსონის (ფერმწერი და ინტერიერის დიზაინერი. დაიბადა 1853 წ.) ნახატიც შეეფერება ამ ორშაბათს, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ შემირჩევია. ვფიქრობ, საინტერესო მხატვარია ყოველდღიურამბებიანი ნახატებით. ამბებს კი თავისი ცხოვრებიდან "ყვებოდა" – ლარსონის საყვარელი მოდელები მისი მრავალსულიანი ოჯახის (8 შვილი ჰყავდა) წევრები ყოფილან. დღეს "ოქტომბერთან" (1883 წ.) ერთად სხვა ნამუშევრებსაც გამოვფენ:

"განიერი ლუანი"
"სუზანი და სხვა"
"ვაშლის კრეფა" 
"ზამთრის კოტეჯი"

Saturday, October 27, 2012

24 საათი

საჩუქარი
რამდენი თვეა, ჩემი თავისთვის არაფერი მიყიდია. აი, საჩუქრის მსგავსი, უბრალოდ ლამაზი რამ, რისი დანახვაც გსიამოვნებს. დღეს უცებ გადავწყვიტე. მოვიტანე შინ, დავდე მაგიდაზე და ვთქვი – ნახე, რა ვიყიდე. დამაკლდა ღიმილი და თბილი სიტყვები.

შაბათი
შაბათ დღეს რიტუალი შეემატა: 9 საათზე ეკლესიაში ვარ. ვწერ მოსახსენებელს, ვუსმენ გალობას და მოვდივარ. ღმერთთან სასაუბროდ, თუკი ამის სურვილი მიჩნდება, სპეციალური გარემო არ მჭირდება ხოლმე; ეკლესიაშიც მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა გული მიმიწევს. ეს კი იშვიათად ხდება, რადგან არ მიყვარს ხალხმრავალი და დოგმატური ადგილები. ხანდახან, ამ შაბათების გამო, ჩემ თავს ვეუბნები, დედამ ეკლესიასთან მიმაბრუნა-მეთქი. ისე მოხდა, რომ შაბათობით იქ გულიც მიმიწევს.

გალობა
ხომ არის რაღაცები, რასაც გვინდა, ვფლობდეთ და ვიცით, რომ ვერა? ასეთი რაღაცების სიაში გალობაც მივამატე. ძალიან მსიამოვნებს ეკლესიის პატარა გუნდის მოსმენა. დღეს კი ტირილი მომინდა და წამოვედი.

გეგმა
ცუდი გრძნობაა, როცა რაღაცას გეგმავ დასვენების დღისთვის და ბანალური მიზეზით ჩაგეშლება – გაწვიმდა. სხვა გეგმები შევასრულე – ძირითადად საშინაო დავალებები.

სიხარული
ძალიან უნდა დაბნელდეს, რომ სინათლის დრო დადგეს. თუნდაც პატარა სხივების გამოჩენის. ბოლო 24 საათი ცოტა ნათელი მქონდა.

Friday, October 26, 2012

ახალი გამოცემა: ყვავილნარი

წელს ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსნის" 300 წელი აღინიშნება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად ეხმაურება. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა იყო. ეს პროექტი შარშან დაიწყო და თითქმის დასრულებულია. სიახლე კი ის გამოცემაა, რომელზეც ახლა მინდა, დავწერო: ალბათ გსმენიათ ე. წ. "ყვავილების ფლირტის" შესახებ, იქნებ თქვენს ბებიებსაც შემორჩათ ძველი, ყვავილებიანი ბარათები და გინახავთ კიდეც. ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა სწორედ ყვავილების ფლირტია, ოღონდ რუსთაველის ციტატებით გაფორმებული. ილუსტრაციები (ჩემთვის "ვეფხისტყაოსნის" ალბათ ყველაზე საყვარელი ილუსტრაციები) ეკუთვნის მე-17 საუკუნის მხატვარს და პოემის გადამწერს – მამუკა თავაქარაშვილს, მცენარეების სახელწოდებები ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკის ლექსიკონიდან არის შერჩეული:

Saturday, October 20, 2012

მზესუმზირა

მზესუმზირა მიყვარს – როგორც ყველა ის ყვავილი, რომელიც მზეს მაგონებს.
და მზესუმზირა მიყვარს – შინ მოხალული. როცა რამე ფილმის ყურებას ვაპირებ, ჯერ მზესუმზირას ვიმარაგებ.
ამას წინათ, მოხალვის წინ, სამი მოზრდილი მარცვალი ამოვარჩიე, რამდენიმე საათით წყალში დავალბე და ყვავილის ქოთანში ჩავარჭე – იქნებ ამოვიდეს-მეთქი. ოღონდ დიდად დაიმედებული არ ვყოფილვარ, რადგან წელს ჩვენს ბაღში დათესილიც კი არ ამოსულა (ყოველ წელს ვთესავ, უბრალოდ ყვავილისთვის, რომ ვხედავდე). თუმცა ამჯერად, სამიდან ერთმა ამოჰყო თავკომბალა თავი :) ისე მაინტერესებს, რამხელა გაიზრდება და იყვავილებს თუ არა ბინის პირობებში. აი ასეთია ახლა:

შარშან ლესელიძეზე, ერთ აივანზე ვნახე, ქოთნით გამოედგათ. ისე საყვარელი იყო. რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის, ვიდრე ბაღში იზრდება. აივნიანი ბინის მეპატრონეების მშურს ხოლმე. თან არ მესმის, ხარახურის დასაყრელად როგორ იმეტებენ, ან ცარიელს როგორ ტოვებენ. ყველაზე ვიწრო თბილისურ აივანზეც კი მექნებოდა მცენარეები, სკამი და პატარა მაგიდა, სადაც სიამოვნებით დავლევდი ჩაის და წავიკითხავდი. ის კი არა, აივანზე მარწყვსაც დავრგავდი. ბოლო თვეებია, ყოველდღე ვსტუმრობ პინტერესტს. სხვა მსგავსი საიტებისგან ეს გამოვარჩიე. ჩემი საყვარელი კატეგორიები მებაღეობა და ხელნაკეთი ნივთებია. ორივე მეხერხება და სიამოვნებას მანიჭებს და სამწუხაროდ, არცერთისთვის მაქვს დრო.
პ.ს. ხვალ ჩვენს ქალაქგარე სახლში პირველად უნდა დავაფესვიანო ვარდის ანაჭრები. აქამდე დედა აკეთებდა ხოლმე. ახლა მე ვცდი. უკვე დროა ამინდის მხრივ.

Friday, October 12, 2012

* * *

სოც. ქსელში უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების ჯგუფი ჩემი საყვარელი ჯგუფია. იმ შესაძლებლობის არქონით გამოწვეულ სევდას, რომ მყავდეს შინ ცხოველი, იქ შესვლით ვიქარვებ ხოლმე. თან მომწონს ხალხი, რომელიც ცხოველების მიმართ სიყვარულს ღიად აფიქსირებს და კარგ საქმეებზე ჰყვება – როგორ პატრონობენ, იცავენ ძაღლმჭერებისგან, უვლიან როგორც საკუთარ, ისე თავშესაფრების ცხოველებს. ერთი გუნდია, შეკრული. სამწუხაროდ იქ სევდიანი ისტორიებიც იდება – მიტოვებული ძაღლებისა, რომლებისთვისაც ერთობლივი ძალებით ეძებენ ახალ პატრონებს და ხშირად პოულობენ კიდეც.

ამას წინათ ერთი ლეკვის ამბავი გავრცელდა, ფოტოთი. ქუჩაში უნახავს ჯგუფის წევრს. მე იმ ფოტოს კარგად ვერ დავაკვირდი, იმდენად მძიმე სანახავი იყო. ვეტერინარის კომენტარი კი წავიკითხე – როგორც ჩანს, ვიღაცას ისე ამოუკრავს ლეკვისთვის წიხლი, რომ ცხვირი ახეული აქვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – თავის ქალას მოცილებული. დღეს გაუკეთეს ოპერაცია და ყველა იმედს იტოვებს, რომ გადარჩება. 

და რატომ ვწერ აქ:
ხომ შეიძლება ვინმე ისეთი ადამიანიც კითხულობდეს ჩემს ბლოგს, ვისაც არ უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით უსახლკაროები და მათი დანახვისას ხელ-ფეხს ვერ აჩერებს?
ჰოდა,
ვინმე ისეთო ადამიანო,
რომ გიცნობდე, არასდროს გაპატიებდი სისასტიკეს და აღარასდროს გავამჟღავნებდი, რომ გიცნობ. ვისურვებდი, ყველამ ასე იფიქროს შენზე. 

- - - - - -
ნეტში ამ ლეკვის ფოტოები გავრცელდა. ახლა უკვე ისე გამოიყურება, რომ თვალის გასწორებაც შეიძლება მისთვის. სამწუხაროდ, კბილები ასე დარჩება. 

Monday, October 8, 2012

პარალელური სიზმრები

კარგია ის დღე, როცა დედა მესიზმრება – ენერგია მიბრუნდება, ვიღიმი და წინ ვიყურები. დედას სიზმრად როცა ვხედავ, ან მეხმარება ან მეფერება. დილას, მაგალითად, გამაღვიძა, როგორც ხდებოდა ხოლმე ცხადში. რაც მარტო ვარ, თავის დროზე გაღვიძება და დაძინება ჩემი გადაუჭრელი პრობლემაა. ნუ, "თავისი დრო" პირობითია, ჩემთვის ოპტიმალურს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ჰოდა, დილას გვერდით მეჯდა და მითხრა, რომ უკვე გვიან იყო, ავმდგარიყავი და მეჭამა. მე კიდევ წუხანდელი ამბის მოყოლა დავუწყე,  თუ როგორ გავაკეთე ე. წ. აჯაფსანდალი ბადრიჯნის გარეშე. ეგ იმ მარტივი მიზეზით, რომ ბადრიჯანი არ მქონდა. გემრიელი გამოვიდა-მეთქი და მიღიმოდა. მოკლედ, ცაიტნოტზე გავიღვიძე, სიზმრად ნახსენები უსახელო საჭმელი ვჭამე და სამსახურში დავიგვიანე.
კულინარობა ჩემი "ახალი" ცხოვრების ახალი ფურცელია და ძალიან შემოქმედებითი. ადრე არ მიწევდა საჭმლის მომზადება, ყოველთვის მზად მხვდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიდექი ქურასთან, თუ ვეხმარებოდი დედას ან რაიმე კონკრეტულის გაკეთების ხასიათზე მოვდიოდი. ახლა ყოველ საღამოს ვფიქრობ "ხვალ რა ვჭამო". ამაზე არფიქრმა ცუდ შედეგამდე მიმიყვანა და დავიწყე. ხანდახან სამუშაო დღის ბოლოს ვმაზოხისტობ –  ფოტოებიან რეცეპტებს ვგუგლავ. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი რეცეპტები მაქვს, მაგრამ დედას ხელნაწერს რომ ვხედავ, ტირილი მინდება, ამიტომ არ ვნახულობ და ვგუგლავ.
შემდეგი ეტაპი ბაზარში და მარკეტში გავლაა. ეს ყოველთვის მომწონდა – ვგულისხმობ მრავალფეროვან დახლებს და ყიდვის პროცესს; აი სიმძიმის თრევა, ცხადია, არ მომწონს, ამიტომ ყოველთვის ცოტას ვყიდულობ. უკვე ვცნობ ბაზრის სტაფს, მაქვს ამოჩემებული წერტილები და ხანდახან ბაჯებისგან კომპლიმენტებსაც ვიღებ. კიდევ რამდენიმე გამყიდველია, რომლებსაც დედასგან კარგი რეკომენდაციები ჰქონდათ. მაგალითად, ყველის გამყიდველი ლელა. მეც სულ მისგან ვყიდულობ ყველს და არასდროს გაუცრუებია იმედი ხარისხის მხრივ.
და რას ვამბობდი, კულინარია შემოქმედებითი პროცესია-მეთქი. გემოების შეხამება, ჯერ წარმოდგენით და მერე ცდა, ხელთ არსებული პროდუქტებით მომზადება და ა.შ. მგონია, რომ რეცეპტები ეს ისეთი კანონებია, რისი დარღვევაც, საგზაო წესებისგან განსხვავებით, თავისუფლად შეიძლება, თუმცა არის დღეები, როცა არაფერი მინდა და, მით უმეტეს, დღეს/ხვალ რას ვჭამ – არ მაინტერესებს.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ პარალელური სამყაროების არსებობაზე. ძალიან მაწყობს, არსებობდეს ეგეთი რამ. აი აქ ხომ ასეთი უაზრო აწმყო მაქვს და იქნებ სადღაც ჯერ სულ პატარა ვარ, სადღაც – ჩაჩანაკი და საინტერესო ცხოვრებაგავლილი; მამა და დედაც  სადღაც გრძელდებიან და ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს, სხვაგანაცაა. იქნებ იქ სხვა შანსები გვაქვს, იქნებ რაღაც უკეთ არის, ან პირიქით, აქ უნდა ვიყო მადლიერი იმისა, რაც და როგორც ხდება. იქნებ სიზმრებში იმიტომ ვხედავ ჩემს მშობლებს და თან ისე, თითქოს არც არსად წასულან, რომ სწორედაც რომ არ წასულან?
ბავშვებს ხომ ჰყავთ ხოლმე წარმოსახვითი მეგობრები, მე ეს რამდენიმე თვეა წარმოსახვითი დედა მყავს. განსაკუთრებით მანქანით მგზავრობისას – ყოველთვის არის ჩემი უჩინარი მგზავრი. და ეს კარგი გრძნობაა – სულ მგონია, რომ უსაფრთხოდ ვივლი. ამასობაში რისკიანი მძღოლი გავხდი, სისწრაფის მოყვარული. რამდენადაც ტრასაზე მიღებული ადრენალინი მომწონს, იმდენად ვერ ვიტან თბილისის საცობებში ხოხვას და "შემოქმედებით" მძღოლებთან ურთიერთობას, ამიტომ ვერიდები კიდეც.
მთელი ეს თვეები არაფერი წამიკითხავს, ამას წინათ კუტზეეს "სირცხვილი" ვიყიდე. აი, ეგაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო, წიგნის მაღაზიაში რომ შევედი – აქამდე გული არ მიმიწევდა. ჰოდა ეს "სირცხვილი" ორი კვირაა თაროზე მიდევს სხვა წაუკითხავებთან ერთად და, თუ არ დამავიწყდა, ხვალ გზაში წავიყოლებ, იქნებ დავიწყო.

პ.ს. აზრზე არ ვარ, რატომ მომინდა ასეთი წვრილმანების მოყოლა. მადლობა ბოლომდე მოსმენისთვის. 

Friday, October 5, 2012

"ვერ ვნახე, დაკარგულიყო"

მეორე დღეა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხეებზე გაკრულ, თაბახის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით ამობეჭდილ საპროტესტო პლაკატებს ვხედავ:


"მინდა წიგნის კითხვა"
"მაქვს ბიზნესშეხვედრა"
"მინდა გართობა"
"მინდა განტვირთვა"
"მინდა ცოცხალი მუსიკა" 
თითოეული მათგანი დაწყვილებულია ასეთივე ამონაბეჭდ პლაკატთან:
"ვეძებ მყუდრო ადგილს"

მე მომეწონა ეს ჩუმი და თან მყვირალა საპროტესტო აქცია, როგორც მინიაქციის ფორმა, თავისი ბევრისმთქმელი შინაარსით: მილიონნახევრიან ქალაქში, სადაც თითქმის ყოველ 10 მეტრში გასართობი დაწესებულებაა გახსნილი და რომლებშიც, თავისთავად, არის მაგიდებიც, საკვებიც, მუსიკაც, ადამიანები (თუნდაც გარკვეული  ნაწილი) ვერ ახერხებენ ვერც განტვირთვას, ვერც საქმეზე მშვიდად მსჯელობას, ვერც წიგნის კითხვას. როგორც ჩანს, ქალაქში სიმყუდროვე იძებნება. იქნებ თბილისის კაფე-რესტორნებიც ჩაერთონ მის ძებნაში და იპოვონ. პლაკატები მათი კარების წინ მდგომ ხეებსაც ამშვენებს. ისე კი, მყუდრო გარემო მგონი ყველგან დეფიციტურია.
                                      
                                      

რაც გრძელ სიტყვად მინდოდა...

ორკვირიანი მძიმე ინფორმაციულ-ემოციური წნეხის მოდუნების მერე აღმოჩნდა, რომ სიტყვები ისევე არ მაქვს ბლოგის საწერად, როგორც ამ ორი კვირის მანძილზე. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა:
~ ვგმობ ძალადობას;
~ მიხარია, რომ ცივილურ ერს დავემსგავსეთ – ხალხს ხმა აქვს და დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დამარცხების აღიარება;
~ მეშინია ქვეყნის მომავლის, რომელიც ამ ეტაპზე გაურკვეველი ჩანს;
~ როგორც ყოველთვის, არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ მხარეს, რადგან ეს ჩემთვის ჩარჩოში მოქცევას ნიშნავს და, შესაბამისად, აზრის თავისუფლად გამოხატვის შემზღუდველია;
~ მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება.

Friday, September 14, 2012

შინაური

დავინახე თუ არა, მოვიხიბლე. ისიც გავიფიქრე – რა იქნება, რომ შინ. მოვძებნე: ფენეკი. არაბული სიტყვისგან „ფანაკ“ – მელას ნიშნავს. ზრდადასრულებული შინაურ კატაზე მომცროა, სიმაღლეც გრძელი ყურების ხარჯზე ემატება. ყველაზე პატარაა ძაღლისებრთა ოჯახში. ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობს, უდაბნოში. ალჟირის ეროვნული ცხოველია. ერთგულია – ერთხელ ირჩევს პარტნიორს და კიდევ... ადამიანს უშინაურდება.

1928 წელს ანტუან დე სენტ–ეგზიუპერიმ თავის დას, დიდის, კონცხ ტარფაიადან (იგივე ხუბი, სამხრეთ მოროკო) წერილი მისწერა, სადაც მოშინაურებულ ფენეკზე უყვებოდა, რომელსაც აღმერთებდა. 1935 წელს კი, როდესაც მისი თვითმფრინავი საჰარაში ჩამოვარდა, პირველი, რაც გონს მოსულმა დაინახა, ფენეკი იყო. მიიჩნევა, რომ სწორედ ფენეკია მისი წიგნის (და ჩემი საყვარელი) პერსონაჟის პროტოტიპი. თუმცა, რაღაა საკითხავი, ავტორისვე ნახატია მოწმე:
ნახეთ, რა კარგი ტიპია:
როგორ შეიძლება, არ შეგიყვარდეს.

Tuesday, September 11, 2012

„უმანკოების მუზეუმი“

წლევანდელ ფესტივალზე  თანხა ამ წიგნზე დავზოგე, მიუხედავად საკმაო ფასდაკლებისა.  ახლა ვფიქრობდი – ნეტა მასშიც იმავე დამოკიდებულებაზე წერია ნივთების მიმართ, რაც მე მაქვს? ოღონდ მე არ შემიგროვებია არაფერი; უცებ, სახლი იქცა მუზეუმად: ყველაფერს აქვს ისტორია, ყველაფერი სუნთქავს, ყველაფერი მიჩვენებს კადრს წარსულიდან.

ისე კი, მგონი ახალი წიგნების წაკითხვის მეშინია, ახალი შთაბეჭდილებების მიღების. აი, „მისნის ღამე“ დიდი ამბით ვიყიდე, მაგრამ ახლა ანოტაცია რომ მახსენდება, თავს ვიკავებ წაკითხვისგან. მგონია, იქ რაღაც ისეთი წერია, რაც ჩემი განცდების იდენტური იქნება და ემოციურად ვერ გავუძლებ. იგივე მჭირს ზემოთ ნახსენებ „უმანკოების მუზეუმზე“. სხვა წიგნებიც ვიყიდე წელს, მაგრამ მიწყვია. არ ვიცი, მათში რა წერია, მაგრამ ინტერესი ძალიანაც არ მკლავს. წიგნებს ჩამოვშორდი ჯერჯერობით; სამწუხაროდ, ასე გამოდის.

Friday, August 31, 2012

ქონდარი და პიტნა

ქონდარი შემიყვარდა. უფრო სწორედ, თავიდან აღმოვაჩინე. დედა ზამთრისთვის მწვანილებს ახმობდა ხოლმე და ამას წინათ ერთ ქილაში ქონდარი ვნახე. უცებ გამახსენდა კონკრეტული საღამო: ვისხედით ტელევიზორთან, აღარ ვიცი რას ვუყვებოდი, თავზე რომ გადამისვა ქონდრისსუნიანი ხელი. ეს კარგად მახსოვს სუნის გამო, ვუთხარი კიდეც. ხშირად შეგრძნებებს ხომ უფრო იმახსოვრებს ადამიანი, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს.
ბრინჯი შევაზავე შარშანდელი ქონდრით და მეორე დღეს ბაზარში ვიყიდე რამდენიმე კონა; გავრეცხე, შევუდექი საქმეს: დავჭერი, გავფინე... და ახლა მაქვს ორიოდე მუჭა გამხმარი ქონდარი და მქონდა ქონდრის სუნიანი თითებიც, ოღონდ საკუთარ თმას ვერ მოვეფერე.

მეორე, რაც თავიდან შევიყვარე, პიტნაა. ნუ, პიტნის სუნი ბავშვობიდან მიყვარს – ჩვენი ეზოს სუნია. აქ სხვა მოგონება ჩნდება: რეცხავდა დედა პიტნის ქორფა, გრძელ ღეროებს და წნავდა. ძალიან საყვარელი იყო ეს ნაწნავები, სარეცხის თოკზე გასახმობად ჩამოკიდებული. პიტნის ჩაი მას და მამას უყვარდათ; ერთ დროს მეც, სანამ არ მივხვდი, რომ საკმარისი იყო, დამელია – მთვლემდა. გადავეჩვიე. ვუყურებდი ხოლმე, როგორ აყენებდა დედა ჩაის და მისი ჭიქიდან წამოსული სუნიც მყოფნიდა. ჰოდა ახლა, მგონი იმ, ჭიქიდან წამოსული სუნის ხათრით დავაყენე ჩაი... და მორჩა: მწვანე, ჟასმინიანი ჩაის დღიურ ულუფას – რამდენიმე ჭიქას – ერთი გამოაკლდა პიტნის ხარჯზე. მერე რა, რომ ჩემს დაბალ წნევას უფრო დაბლა სწევს. მჭირდება ეს სუნი.
ეს სუნები.