Saturday, January 8, 2011

თარიღები

რამდენიმე დღის წინ, როცა თბილისში ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, ვფიქრობდი: იმ ორი ოჯახისთვის მომავალში ყოველთვის მძიმე იქნება ახალი წლის დადგომა-მეთქი. ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი კარგი თუ ცუდი ფაქტები, თავისთავად, თარიღებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიყვარდება რიცხვები, თვეები, სეზონები, ან პირიქით – სევდით ვხვდებით, იმის მიხედვით, თუ როგორი ინფორმაციით დავტვირთეთ წარსულში. ეს ამბები კი, უმეტესად, მხოლოდ ჩვენთვის ან ჩვენი უახლოესი წრისთვის არის გასაგები. წარსულის თარიღებს საერთო უჯრებში ვახარისხებთ, რომლებზეც წლებს ვაწერთ და მერე გვიყვარს, ან გვიხდება თქმა: "ეს იყო..." ხანდახან მხოლოდ წლები გვახსოვს, ხან კი უბრალოდ ვსაზღვრავთ – "ბავშვობაში", "ახალგაზრდობაში", რადგან ციფრები გვეკარგება. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს თარიღებს ღიად ან მდუმარედ, ვაძველებთ მათ ღვინოსავით, ან ვწმენდთ მეხსიერებიდან, როგორც სასკოლო დაფიდან – ამოხსნილ განტოლებას.
ყოველთვის მიჭირდა ისტორიული თარიღების დამახსოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ციფრების რთულ კომბინაციებსაც ადვილად ვიმახსოვრებ. ალბათ, ინფორმაციის მნიშვნელობის გამო; ყოველთვის ვაწერ გადაღების თარიღს საოჯახო ალბომისთვის დაბეჭდილ ფოტოებს, ან დაწერისას – ლექსებს. კომპიუტერში ჩემი ფოტო თუ სხვა არქივებიც წლების მიხედვით არის დახარისხებული, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს არც ისე მოსახერხებელია; და ეს თარიღები უმეტესად მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო – ერთგვარი ორიენტირია, სხვებისთვის კი – ალბათ, აბსოლუტურად უმნიშვნელო.
ვფიქრობდი საოჯახო, საერო, რელიგიის, დარგების, თუნდაც რომელიმე დაწესებულების ან შენობის, ციფრებში ჩაშენებულ ისტორიებზე და წარმოვიდგინე: ჩვენ, ჩვენი ამბებიანად, ერთ უშველებელ, დედამიწის საერთო კალენდარზე ჭიკარტებით ვართ მიმაგრებულები. მის წინ მდგომი კი, როგორც ჭადრაკის დაფაზე, სვლებს აკეთებს: რა – სად, რა – დასავიწყებელი და ჩამოსახსნელი... ცუდად მიმაგრებული ჭიკარტები კი დაუხმარებლადაც ჩამოცვივდებიან.

ვიცი, რატომაც მომინდა ამაზე წერა. ჩემი იანვრის დასაწყისია ასეთი – მძიმე ციფრით.
თუმცა, ციფრები მხოლოდ ნიშნულებია, სახე(ლ)ები კი მოძრაობას განაგრძობენ – დროსა და სივრცეში – ვიდრე ჩვენ ვმოძრაობთ და ისინიც, ვისაც მათზე ვუამბობთ.

9 comments:

Nina Gorecki said...

რა უცნაურია, ახლა მივხვდი, ჭიკარტები სულ არ მაქვს მიმაგრებული

იმიტომ არა, რომ მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, უფრო იმიტომ, რომ თუ ესეთი მომხდარა, წლის ყოველ დღეს მახსენებს თავს და თვითონ კონკრეტული თარიღი კარგავს მნიშვნელობას. აი, თუნდაც, 8 აგვისტო :/ როცა გამიჩნდა აზრი, რომ შეიძლებოდა ქსნის ხეობა ვეღარასოდეს მენახა :/

შენ კიდევ, არ მოიწყინო :*

Toma said...

სიმბოლიზმს დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. ცნობიერად თუ არაცნობიერად ესა თუ ის გარემო, დღე, თარიღი და ა.შ. მოქმედებს ჩვენზე და განაპირობებს ხასიათს, ქცევას, დამიკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტის და ადამიანის მიმართ.

როგორ ხდება სიმბოლო? ალბათ ჭიკარტებით. ნებით თუ უნებლიედ რაღაცას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვაჭიკარტებთ. არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ ეს ჭიკარტები ჩვენ ინდივიდუალურობასაც განაპირობებს, ამიტომ არაეფრი საწინაამღდეგო არ მაქვს მათთან :)

რაც შეეხება "ერთ უშველებელ, დედამიწის საერთო კალენდარზე ჭიკარტებით ვართ მიმაგრებულები" - არ მიფიქრია ამაზე.

სოფი שרה Golden said...

ტვიტერზე ვნახე, გეწერა, 3 წლის წინ, მამა წავიდა ამ დღესო და მივხვდი, რასაც გულისხმობდი. ყოველ შემთხვევაში, შევეცადე მივხვედრილიყავი.
მართლა თარიღებია ყველაფერი, წლები, თვეები და რიცხვები. ჭიკარტები არ ვიცი, არ მიყვარს.

Keti said...

* ნინა, მართალია, მნიშვნელოვანი ყოველთვის გვახსენებს თავს, მაგრამ რაღაც დღეს მაინც ისაკუთრებს..
8 აგვისტო :(

ჰო, ვეცდები :*


* ტომუშკა, გეთანხმები სიმბოლიზმზე.
ნებით თუ უნებლიეთ, ასე ხდება და ალბათ სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა..

ჭიკარტებზე ასოციაცია კი პოსტის წერისას გამიჩნდა, რატომღაც.


* სოფი, ჰო, დღეს :(
ასეა..

Clown said...

მართლა თარიღებია ყველაფერი და ჩვენც ფერადი ჭიკარტები ვართ...

ამ თემაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ვერასდროს დამიწერია, გამახარა და დამაფიქრა ამ პოსტმა :)

Keti said...

გიო :*

babisa said...

თარიღები რომ ა რყოფილიყო, ნეტა როგორი იქნებოდა ყველაფერი :)

Anonymous said...

:(( ჩემი ჭიკარტები ახმიანდნენ...

Keti said...

* ბაბისა, ვინ იცის :)

* ანდან :(