Sunday, January 23, 2011

საღამოს სანელებლები

ცოტ-ცოტა ყველაფერზე წერა მომინდა. უფრო ზუსტად, იმ რამდენიმე თემაზე, რაც ამ საღამოს მიტრიალებს თავში და რისი გამოქვეყნებაც შესაძლებელია (უფრო პრივატულ ფიქრებს ჩემთვის ვიტოვებ :) ).
*
დღეს მეტროში ორი ქალი ვნახე, ჩემი ბებიის ასაკისები. იქნებ დებიც იყვნენ? ვინ იცის. კოპწია მოხუცები რომ არიან, რაღაცნაირად კარგი მოსაუბრეები, სანდომიანი ნაკვთებით; ცოტა შეშინებულები ახალი ინფორმაციით (აქ: მგზავრობის წესებს რომ შეეხებოდა), ცოტა აკანკალებულები (აქ: ესკალატორზე გადასვლისას), მადლიერები (დახმარებისას) და ერთმანეთზე ხელჩაჭიდებულები (როგორც ბავშვები).
ხანდახან ვფიქრობ, მე როგორი ვიქნები ამ ასაკში. ჩემთვის რთული წარმოსადგენია. საშიშიც. არ ვიცი, რისი უფრო მეშინია: ნაოჭების? მოგონებების? უფრო ძნელი ალბათ ეს უკანასკნელი იქნება – სავსე მახსოვრობის დისკი. ან თითქმის სავსე. როცა ყველაფერი ზურგსუკან არის; როცა ჩასაწერი ადგილიც მცირდება. რაღაც ამოსაშლელია, რაღაც – დასაკარგი (ამაზე ბუნებაც ზრუნავს ხოლმე)...
*
უკვე რამდენჯერ მომინდა, წაკითხულ წიგნებზე პატარა რევიუებს ვწერდე. თუნდაც მხოლოდ ჩემთვის, დიდი ხნის მერე წასაკითხად – თუ რა როგორ მივიღე. მახსოვს, როცა სკოლის ბიბლიოთეკიდან კლასგარეშე ლიტერატურა გამომქონდა, ბიბლიოთეკარი ასეთი ჩანაწერების გაკეთებას მთხოვდა. არ ვიცი, ეს ევალებოდა თუ მხოლოდ მე მთხოვდა. ვწერდი. ვაღიარებ, უხალისოდ – დავალებად აღვიქვამდი. ახლა კი ჩემი სურვილით მინდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობ. სიმართლე ვთქვა, დროსაც ვერ ვპოულობ. ამასობაში ბევრი ემოცია გამინელდა.
*
ბოლო დროს, ნებით თუ უნებურად, ელექტრონული რიდერებისა და წიგნების დიდი პოპულარიზატორი გავხდი ( :) ). თავისთავად, რეაქციებსაც ვაკვირდები: ხშირად პესიმისტურს, შიშნარევს. მე, ალბათ, უფრო რეალისტური ბუნების გამო მიადვილდება სიახლეების მიღება. ტექნოლოგიური მიღწევები ყოველთვის მაღელვებდა. თუ მოწყობილობა (პირობითად) მისი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების გამო მომეწონა, ადვილად (და საზოგადოების აზრის გაცნობამდეც) ვდგები მის მხარეს.
კიდევ ერთი, რაც პირდაპირ თუ ირიბად, თემას უკავშირდება, ხეებია. მეფიქრება ამაზე, თან იმდენად, რომ პრინტერით ამობეჭდვისას ზედმეტი ქაღალდის გაფუჭებაც მენანება ხოლმე.
ვინმეს ეგონება, ნაბეჭდ წიგნს ზურგი სულ ვაქციე. ჩემი აზრი უფრო ვრცლად აქ დავწერე..
*
ჩემს ბლოგზე ხშირად ხვდებიან საძიებო სიტყვით "სტატუსები". ვფიქრობ, ასე დასათაურებული პოსტის გამო. მაგრამ საინტერესო ის არის, თუ რატომ ეძებენ სტატუსებს. ჰოდა, მეც დავგუგლე. აღმოჩნდა, რომ მოფრთიანფრაზო წინადადებების კოლექციები (ამ ზოგადი სათაურით) არაერთ საიტზე ინახება. მსურველებიც (ალბათ) აკოპირებენ მათ და სოციალურ ქსელებში საკუთარ სტატუსებად ასაღებენ.
როგორც ჩანს, სხვისი ემოციების მორგება ადვილი საქმეა (ან საქმეს აადვილებს).
*
პოსტში უმეტესად დროის მოტანილ ან მოსატან ამბებზე ვწერე. ამ საღამოს ფეისბუკზე – "ებლიტფოს" გვერდზე ვთქვი, თუ რას ნიშნავს ჩემთვის წიგნის კითხვა. ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დროის შეგრძნების დაკარგვა იყო. საამისოდ კიდევ ერთი საშუალება ვიცი: ძილი. პოსტის წერას რომ მოვრჩები, ქვეცნობიერის წასაკითხი დროც დადგება. მე მიყვარს ეს წიგნიც.

6 comments:

babisa said...

ho, wignebi droidan gvagdebs, es martla kargi shenishnvnaa :))

ჯორჯ პაიკი said...

შენს თევზებს ვუყურე ბლოგზე, ყვითელი ცელქობდა.
სიბერის სულ არ მეშინია, ერთი ის არის ცუდი, რომ კიბეებზე ვეღარ ჩავირბენ, ნაოჭები გაასწორებს და თან არაფრის დარდი აღარ მექნება.
ჩემთვის არავის უთქვამს, მაგრამ სულ მინდა წიგნებზე მცირე რევიუების გაკეთება, თუმცა არ გამომდის.

Sophie שרה Golden said...

მე კიდევ მოხუცი ცოლ–ქმრების "თვალთვალი" მიყვარს და წარმოვიდგენ, მეც ისე ტკბილად თუ დავბერდები, სულ არ მეშინია – მთავარია ადამიანი მყავდეს გვერდით, ნაოჭებიც რომ ეყვარება ჩემი და ცხვირსახოცების პედანტურად დაკეცვაც :)))))

რა კარგი ჩანაწერი იყო, ქეთი, იმდენი რამე გამახსენა. ბავშვობაში მეც ხშირად დავდიოდი ბიბლიოთეკაში და რევიუებსაც ვწერდი...
მადლობა.

Keti said...

* ბაბისა :)

* ჯორჯ, ჰო, ჩემი ყვითელი თევზი :)
ეგ ცუდია, რომ ვეღარ ჩავირბენთ, ნაოჭებიც – მერე რა... მოკლედ, ვნახავთ, რა და როგორ :)
აი, შენ დაწერილ რევიუებს კი დიდი ინტერესით წავიკითხავდი. რამდენიმე წიგნზე ხომ დაწერე კიდეც, მახსოვს. კარგი წასაკითხი იყო..

* სოფი, კარგად თქვი :) ტკბილად დაბერებაც ალბათ ეგ არის.. ახლა ერთი მოხუცი წყვილი გამახსენდა. ზაფხულში ვხედავდი, ჩემს სახლთან ჩაივლიდნენ ხოლმე – ხელჩაჭიდებულები. ყოველთვის მაღელვებდა მათი დანახვა.
მადლობა შენ :*

Toma said...

ბებიაჩემი 70 წლამდე მუშაობდა რუსულის მასწავლებლად და მაშინ დაანება თავის სკოლაში სიარულს როცა ყოველ დღე 6 კილომეტრის გავლა ვეღარ შეძლო - სკოლამდე და სკოლიდან. ამბობს რომ აზრიანი ცხოვრება ქონდა და ახლც აზრიანი ცხოვრება აქვს, კითხულობს, დაქალოჩკებთან დადის და დაჭორაობს და არის ასე. მას პენსიაზე გასვლის არ ეშინოდა მაგრამ მე, ახალგაზრდ ადამიანს ეს ასაკი საშინლად მაშინებს და მთრგუნავს, არადა "ბუნებრივ" საპენსიო ასკამდე კიდევ შორს ვარ.


წიგნების რევიუების წერა კარგი აზრია, მე ვწერ ხოლმე თითქმის ყოველთვის. სამწუხაროდ ბოლო დროს ვეღარ ვარ რეჟიმში.

ელექტრონული რიდერებზე და წიგნებზე კი იცი ჩემი აზრი. ჩემი ჯგუფელებიც კი იცინიან ხოლმე - ტყის მცველიო :D sul imaze vjijgineb rom chven universitetshi dzalian didi raodebnobis qagaldi gamoikeneba.

Keti said...

ტომუშკა, რამდენჯერ დამთხვევია ჩვენი შეხედულებები :) ახლაც ასეა.
ჰო, მიუხედავად მაგ ასაკამდე სიშორისა, ხანდახან მაინც მეფიქრება ხოლმე, ზოგადად...

შენი "პატარა ბიბლიოთეკის" კითხვა მომწონს, ყოველთვის საინტერესოა :)

"ტყის მცველი" – აქაც თანამოაზრე :) მგონი, ყველა უნივერსიტეტში მსგავსი მდგომარეობაა. აი, თუნდაც, ის უამრავი ქსეროასლი რომ ავიღოთ, რასაც სტუდენტები ყოველდღიურად იღებენ...