დიდი ხანია, ლიტერატურული საიტების შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები არ დამიწერია. ერთხანს მათი კითხვაც შევწყვიტე, თუმცა ახლა ისევ ვათვალიერებ. ლექსების გარდა, ხანდახან კომენტარებსაც ვკითხულობ და ბოლო დროს ჩემთვის საინტერესო სწორედ მკითხველებზე დაკვირვება გახდა – ვინ კითხულობს ინტერნეტში და როგორ. არანაკლებ საინტერესოა, ავტორები გამოთქმულ აზრს როგორ იღებენ. რაკი კომენტატორები ძირითადად ისინი არიან, ვინც თავადაც ქმნიან, მკითხველზე ფიქრი კიდევ უფრო "მიმზიდველი" ხდება.
ის, რომ კარგი მკითხველი (ისევე, როგორც ავტორი) თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით მეგულება, არაერთხელ ვთქვი.
ახლა მხოლოდ ზოგადად და მოკლედ – ტენდენციებზე:
ავტორიტეტებიქართველებს რომ ბელადომანია გვჭირს, ახალი ამბავი არ არის. თუ არ გვყავს ლიდერი, ვქმნით. საიტებზეც – ასე და მერე უგვირგვინო ბელადები ნაწარმოებების ირგვლივ ამინდს ჰქმნიან. რა თქმა უნდა, მათგან მობერილი ქარი ყველა მკითხველს ერთნაირად არ ცელავს, მაგრამ უმეტესობაზე "ზემოდან" ნათქვამი სიტყვა მოქმედებს. ეს კი დამწყებ ავტორს შესაძლოა გაბუქებულ თვითშეფასებას უჩენდეს, ან პირიქით. ჰო, კიდევ, მაღიმებს "ავტორიტეტებისთვის" შეფარული "თავის მოქონვა" მათი გემოვნების ღიად ქებით – მომავალში კარგი შეფასების მიღების მოლოდინით. სხვათა შორის, ხშირად რეაქციაც არ აყოვნებს ხოლმე..
შეფასებაკარგის და ცუდის გადარჩევა იმის მიხედვით, ავტორი და მკითხველი ერთმანეთს იცნობენ თუ არა;
თვალში მომხვდა განაცხადები, რომ "ბრმად ენდობიან" ვიღაცის შეფასებას და საკუთარსაც ამით საზღვრავენ. ერთმანეთის მიბაძვით შეფასება ხშირად ხდება, მაგრამ ადრე ამას ღიად არ გამოთქვამდნენ.
რეაქციაახლობლისგან მიღებულ შენიშვნაზე ან შედარებით დაბალ შეფასებაზე: წყენის ღიად დაფიქსირება და პირად ურთიერთობებზე გადატანა;
დასაბუთებული უარყოფითი აზრისთვის პასუხად: რევანშული უარყოფითი კომენტარი მთქმელის ნაწარმოებზე (თუ აქვს), მოთხოვნა – "აქ აღარ შემოხვიდე", სერიალად გადაქცეული "პოლემიკა", სადმე შეხვედრის დანიშვნა (ტელეფონის, უბნის, მეგობრების /ლიტერატურული წრიდან/ მითითებითაც!).
თვითშეფასებასაინტერესოა ზოგიერთი ავტორისგან საკუთარი თავის შემდგარ პოეტად დასახელება, რომელიც სხვის დაუხმარებლადაც ამოიცნობს თავისი ლექსის სუსტ მხარეებს (მაშინ რატომ არ აძლიერებს მათ? თუნდაც შემდეგ ლექსში?) და რაც მთავარია, პოეზიაში სხვებზე უკეთ ერკვევა.
თვითშეფასების და ნაწარმოებების ხარისხის შკალაზე მკვეთრად მოქმედებს კომენტარების სახით დაუნანებლად გაღებული დითირამბები.
კითხვაზედაპირულად, ფრაგმენტულად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ან კონტექსტიდან ამოგლეჯით;
"ვერლიბრისტებისა" და "კონვენციის" მიმდევართა შორის "დავა" იმდენად უგვანო მგონია, რომ არ განვიხილავ. მხოლოდ როგორც ფაქტს – აღვნიშნავ, რადგან ლექსის "ღირსება" მისი ფორმით ხშირად ისაზღვრება.
...
რაც დავწერე, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველს და ავტორს არ ეხება. არსებობენ შედარებით ობიექტური (რადგან მთლად ობიექტური არ მგონია, ვინმე იყოს) ადამიანები. მე მხოლოდ ტენდენციებზე ვსაუბრობდი, თანაც იმ პოზიციიდან, რომ არცერთი საიტის წევრი არ ვარ.
აქვე, ამ ფონზე, რომ არ ვთქვა, არ შემიძლია: არსებობდა საიტი, რომელიც მისი სტრუქტურის გამო თავისუფალი იყო ბევრი იმ გამოვლინებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
ვინმემ შეიძლება იკითხოს, რა მრჯის, ამას რომ ვწერ. ინტერნეტმა მკითხველი და ავტორი გაცილებით მეტად დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ნაცნობებად აქცია. ამ ნაცნობობამ კი, სიკეთესთან ერთად ეს ტენდენციებიც მოიტანა. უფრო ზუსტად, მათი დანახვის საშუალება გააჩინა, თორემ მსგავსი ალბათ არავირტუალურ ლიტერატურულ სამყაროშიც იყო.
მგონია, ბევრი ადამიანია, ვინც არ არის ლიტერატურული საიტების წევრი და "ჩუმად" კითხულობს. მათზე ვერაფერს ვიტყვი, "ხილული" მკითხველები კი (აქ თაობაც იგულისხმება: ძირითადად ახალგაზრდები, რადგან უფროსი თაობა კომპიუტერს ნაკლებად იყენებს) ზოგადი სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევიან. თან, ისინი ჩემი ლექსების პოტენციური თუ რეალური მკითხველებიც არიან, ჰოდა უბრალოდ მაინტერესებს, რას წერენ და როგორ შეიძლება ესმოდეთ სხვისი ნათქვამი..