Monday, January 10, 2011

"ერთი ბარტყი ჩამომიგდე..."

დაახლოებით ერთი თვის წინ თიბისი ბანკის სმარტ კლუბმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბლოგერების კრებულის გამოსაცემად პოსტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს. შეირჩა 39 პოსტი, მათ შორის ჩემიც.
დღეს მივიღე ხელშეკრულების ფორმა, რომელმაც ჯერ გამაცინა, მერე კი გული დამწყვიტა. იურიდიულ საკითხებში აბსოლუტურად გაუცნობიერებელი ადამიანიც კი გააპროტესტებს ამ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ბლოგერის ყველა პოსტზე საავტორო უფლებას იღებენ უსასყიდლოდ, განუსაზღვრელი ვადით, კომერციული და არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად; უფლება ეძლევათ, ნებისმიერ მესამე პირს გადასცენ ხელშეკრულებით მიღებული უფლებები; პუბლიკაციები გამოაქვეყნონ მრავალჯერადად, განუსაზღვრელი ტირაჟით – ბეჭდურად და ელექტრონულად; ავტორს მომავალში ეკრძალება სხვა ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება და ა.შ., მოკლედ, სრული კრახი ბლოგერისთვის და ხელშეკრულების შემომთავაზებლისთვისაც – ყოველ შემთხვევაში, პიარის მხრივ.
საერთო პროტესტის მიღების შემდეგ, გავრცელდა სმარტ კლუბის პასუხი, რომ ეს ხელშეკრულების "დრაფტ" ვარიანტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მასში გარკვევით წერია: დოკუმენტზე ხელი უფლებათა მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ორ კალენდარულ დღეში (13 იანვრამდე) უნდა მოგვეწერა. ხელშეკრულებას ჩვენთან დებდა თიბისი ბანკი – წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მიერ.
გული დამწყდა – ალბათ ბლოგერებს გაუნათლებელ და ადვილად მოსატყუებელ, პოსტის გამოქვეყნებაზე დახამებულ პირებად თვლიან. არადა, მათ ხომ ყველაზე დიდი და თავისუფალი ასპარეზი აქვთ – ინტერნეტი; მათ შორის ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია, კარგად წერაც რომ შეუძლია...
უცებ, კარაბასი და მისი თეატრი გამახსენდა. მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ მარიონეტი და არც მომავალში ვაპირებ, ამად ვიქცე. ჩემი წერილობითი პასუხი (უარი ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე) ბანკის წარმომადგენელმა უკვე მიიღო.
პოსტი კი, სულ ახლახან, შესანიშნავ კრებულში ყველაზე ადამიანური "ხელშეკრულების" საფუძველზე დაიბეჭდა – მოეწონათ და ამიტომ შეარჩიეს, მეც გამიხარდა.
და ბოლოს, რჩევა, რომლის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, მაგრამ მაინც:

ყურადღებით წაიკითხეთ ნებისმიერ ხელშეკრულება, ვიდრე ხელს მოაწერთ. გაუფრთხილდით თქვენს ინტელექტუალურ თუ სხვა სახის შრომას.
წარმატებებს გისურვებთ!

5 comments:

Anonymous said...

რეგვნები :(( რა კარგია ყველასგან უარყოფითი პასუხი რო მიუვიდათ!

Keti said...

ჰო, რა ეგონათ აბა. იმედია, მომავალში მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებებს – ნებისმიერი ხელშეკრულების დამდების მიმართ.

Clown said...

ძუნძგლები :|

Sophie שרה Golden said...

როცა წავიკითხე, ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი, სიმართლე გითხრათ :/ მეგონა, მომეჩვენა, როცა ეწერა, რომ ყველა პოსტზე უფლებები მათ ექნებათ. რა საშინელი თავხედობაა :| გულზე ისე მომხვდა, მე სხვაგან ვცხოვრობ, ჯანდაბას და უცებ წარმოვიდგინე ის ადამიანები, საქართველოში რომ არიან და ხვდებიან, რომ ვერავის ენდობი, არავინ იცავს შენს უფლებებს. პირიქით, იმას ცდილობენ, რაც გაქვს (ყველაზე მცირე, მაგრამ შენი სულის ნაწილი), ისიც კი თავისთვის გამოიყენონ :((((

Keti said...

ჰო, სოფი და ძალიან გულდასაწყვეტია.
რომ წარმოვიდგინე მსგავსი პირობების ქვეშ ჩემი თავი... :(
მართლაც, ეს ხომ ჩვენი სულების ნაწილია და თავისუფლება კი – ყველაზე დასაფასებელი.